38 წლის ბადრი გამთენაძე ქუთაისის ავტოსადგურზე მტვირთავად მუშაობს. მასთან ქალაქის პოლიციის პირველი განყოფილების წარმომადგენლები გუშინ მივიდნენ. ბადრი გამთენაძის მამის, ვახტანგ გამთენაძის განცხადებით, პოლიციამ მის შვილზე ფიზიკური წეზოლის სხვადასხვა ხერხები გამოიყენა.
“ჩემს შვილს ჯერ წყალი გადაასხეს შიშველ ტანზე, შემდეგ თავზე ბოთლი დაადგეს და უთხრეს რომ ესროდნენ. ამის შემდეგ ფანჯარასთან მიიყვანეს და კითხეს, მესამე სართულიდან თუ გადახტებოდა. როდესცა ჩემმა შვილმა გადახტომა დააპირა გამოიყვანეს და დანაშაულის აღიარებას სთხოვდნენ. ჩემი შვილი იმ დღეს მთელი დღე სახლში იყო და შეშას ჩეხავდა. ახლა შეშინებული საწოლში წევს და ვერ დგება”, _ განაცხადა ვახტანგ გამთენაძემ.
ჭავჭავაძის გამზირზე მტვირთავად მომუშავე მოქალაქე, პოლიციამ გასულ კვირას საკუთარ სახლში ყელგამოჭრილი და ნაწამები იპოვა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ აღნიშნულზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე 108-ე მუხლით, რაც სასჯელს განზრახ მკვლელობაზე ითვალისწინებს. ხოლო, ბადრი გამთენაძის წამების ფაქტზე, უწყებაში აცახდებენ, რომ ის პოლიციაში დასაკითხად დაიბარეს და მასზე არანაირი ზეწოლა არ ყოფილა.