“გურია ნიუსი” მთავარი პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
“საქართველოს პროკურატურის მიერ განხორციელებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მსჯავრდებულ ლევან კორტავას გარდაცვალების საქმეზე ქურდული წესების მიმდევარი კრიმინალური ავტორიტეტები გელა უშხვანი, სოლომონ დაშნიანი და თეიმურაზ გურეშიძე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცნენ.
როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, ლევან კორტავას გარდაცვალების საქმეზე ჩატარებულმა გამოძიებამ დაადგინა, რომ 2013 წლის 12 მაისს, დაახლოებით 20:00 საათზე, სად-ის N14 დაწესებულებაში ქურდული წესების მიმდევარმა კრიმინალურმა ავტორიტეტებმა – ლაშა კვანტალიანმა, სოლომონ დაშნიანმა, გელა უშხვანმა, თეიმურაზ გურეშიძემ, გიორგი შემაზაშვილმა, შოთა სინაურიძემ და ნუგზარ ბუჩუაძემ, “კრიმინალური ავტორიტეტისათვის”, კერძოდ შოთა სინაურიძისათვის ფიზიკური შეურაცხყოფის გამო, განსაკუთრებული სისასტიკით, ჯგუფურად სცემეს მსჯავრდებული ლევან კორტავა.
2013 წლის 23 მაისს, ლევან კორტავა მასზე განხორციელებული ძალადობით ქალა-ტვინის დახურული ტრავმის შედეგად გამოწვეული ტვინის შეშუპებით გონზე მოუსვლელად გარდაიცვალა.
10 დეკემბერს საქართველოს პროკურატურამ მსჯავრდებულ ლევან კორტავას გარდაცვალების საქმეზე ქურდული წესების მიმდევარ კრიმინალურ ავტორიტეტებს გელა უშხვანს, სოლომონ დაშნიანს და თეიმურაზ გურეშიძეს ბრალი წარუდგინა. კერძოდ, ქურდული სამყაროს წევრობა, ცემა და ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა. უახლოეს პერიოდში იგეგმება სხვა თანამონაწილეების სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, გარდა ზემოაღნიშნული პირებისა, სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემულ იქნენ სად-ის N14 დაწესებულების დირექტორი მალხაზ სინაურიძე, დირექტორის მოადგილე ივერი გოგიბერიძე, უსაფრთხოების განყოფილების ინსპექტორები ილია შანშაშვილი და თენგიზ ნასარეია, სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების ინსპექტორი ალექსანდრე ბაბუნაშვილი და სოციალური მუშაკი გიგა კოხოძე, ასევე მსჯავრდებული გიორგი შემაზაშვილი.
დღესვე, ბრალდების მხარე ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მიმართავს შუამდგომლობით გელა უშხვანის, სოლომონ დაშნიანის და თეიმურაზ გურეშიძის მიმართ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შესახებ”, _ აღნიშნულია განცხადებაში.