“გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში უკანასკნელი რამდენიმე დღის განმავლობაში მოხდა ორი დაუშვებელი ფაქტი.
კერძოდ, დაკავებულ იქნა მოქალაქე, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსის ირაკლი მუკნიაშვილისთვის ქრთამის სახით 30 000 ლარის გადაცემის ფაქტზე.
საგამოძიებო ღონისძიება ჩატარდა შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოსა და გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ ერთობლივად.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა ქარელის რაიონში მდებარე ხე-ტყის დამზადების სალიცენზიო ფართობის გეგმიური შემოწმება, რის შედეგადაც აღმოჩენილ იქნა 3209 ძირი წიწვოვანი და ფოთლოვანი ჯიშის ხე-ტყის უკანონოდ გაჩეხვის ფაქტი.
წინასწარი მონაცემებით, გარემოზე მიყენებულმა ზიანმა 850 000 ლარი შეადგინა, ხოლო მოქალაქეს სალიცენზიო პირობების შეუსრულებლობასთან დაკავშირებით ჯარიმა დაეკისრა.
ამასთან დაკავშირებით, დაკავებულმა მოქალაქემ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსს ქრთამის სანაცვლოდ შემოწმების აქტში სახელმწიფოსთვის მიყენებული რეალური ზიანის ნაცვლად 150 000 ლარის ოდენობის ზიანის დაფიქსირება მოსთხოვა.
რაც შეეხება კიდევ ერთ ფაქტს, შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა დააკავეს კოლხეთის ეროვნული პარკის უბნის რეინჯერი ილია კაპანაძე.
რეინჯერს ბრალად ედება პალიასტომის ტბაზე ელექტროშოკური აპარატის გამოყენებით თევზჭერის სანაცვლოდ მოქალაქისაგან ფულადი თანხის აღება. მიმდინარეობს გამოძიება და სამინისტროში შესაბამისი ღონისძიებები გატარდება გამოძიების დასრულების შემდეგ.
მე მივმართავ სამინისტროსა და მის დაქვემდებარებულ უწყებებში დასაქმებულ თითოეულ თანამშრომელს და მოსახლეობას, თავი შეიკავონ მსგავსი ქმედებებისაგან, ვინაიდან პასუხისმგებლობას კანონის წინაშე იზიარებს ყველა, განურჩევლად სამსახურებრივი მდგომარეობისა”, _ ნათქვამია მინისტრის მიერ გაკეთებულ განცხადებაში.