სამუშაო ჯგუფს ქართული მხრიდან საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, დავით ზალკალიანი და საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე, მიხეილ დარჩიაშვილი თანათავმჯდომარეობდნენ. ამერიკული მხრიდან შეხვედრას სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე, გრეგ კაუსნერი და თავდაცვის მდივნის თანაშემწის მოადგილე, ეველინ ფარკასი დაესწრნენ.
სამუშაო ჯგუფის შეხვედრის მთავარ თემას აშშ-სა და საქართველოს უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა წარმოადგენდა.
ქართულმა მხარემ სახელმწიფო და თავდაცვის დეპარტამენტის წარმომადგენლებს საქართველოსა და რეგიონში არსებული უსაფრთხოების მდგომარეობა გააცნეს, მათ შორის ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით არსებული ვითარება. ამერიკულმა მხარემ კიდევ ერთხელ დააფიქსირა ურყევი მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ. შეხვედრაზე მხარეებმა ასევე, განიხილეს არაღიარების პოლიტიკის განხორციელებასთან დაკავშირებით მიმდინარე ნაბიჯები.
საუბარი შეეხო საქართველოს მიერ თავდაცვის სფეროში გაღრმავებული თანამშრომლობის მიმართულებებს, თავდაცვის სისტემაში განხორციელებულ რეფორმებსა და თანამშრომლობის სამომავლო გეგმებს.
აშშ-ის მხარემ დადებითად შეაფასა თავდაცვის რეფორმის პროცესში ქართული მხარის მიერ მიღწეული პროგრესი. აშშ-ის მხრიდან კიდევ ერთხელ დაფიქსირდა მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების მიმართ.
ამერიკულმა მხარემ განსაკუთრებული მადლიერება გამოხატა ქართული მხარის მიერ ავღანეთის ნატოს ISAF-ის ოპერაციაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისათვის. დადებითად შეფასდა ქართული მხარის გადაწყვეტილება გააგრძელოს ავღანეთში პოსტ ISAF-ის პერიოდში ჩართულობა და მიიღოს მონაწილეობა ნატო-ს რეაგირების ძალებში 2015 წელს.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა ამერიკის მთავრობის მზადყოფნას გააგრძელოს დახმარება საერთაშორისო სტაბილურობის უზრუნველყოფის მისიებში დაშავებული ქართველი სამხედრო მოსამსახურეთა რეაბილიტაციისთვის საჭირო ეროვნული შესაძლებლობების განვითარების მიმართულებით.
ვიზიტის ფარგლებში, პენტაგონში დაგეგმილ ორმხრივ კონსულტაციებზე თავდაცვის სფეროში გაღრმავებული თანამშრომლობის საკითხების დეტალური განხილვა მოხდება. ასევე, შედგება ორმხრივი შეხვედრები პენტაგონის მაღალჩინოსნებთან. პენტაგონში საქართველოს თავდაცვის დელეგაციას თავდაცვის მინისტრის მოადგილე მიხეილ დარჩიაშვილი უხელმძღვანელებს. აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში მიხეილ დარჩიაშვილი შეხვედრებს გამართავს ამერიკელ კონგრესმენებთან და კონგრესის წამყვან მრჩევლებთანაც.