კერძოდ კი, საუბარია ქუთაისის ადგილობრივ თვითმმართველობაში მიმდინარე მოვლენებზე. პარტია “საქართველოს პატრიოტთა ალიანსის” ლიდერი გოჩა თევდორაძე იმერეთის უშიშროების ხელმძღვანელს ბრალს მისი პარტიის დაშლაში, წევრების დაშინებასა და მათთვის იძულების წესით პარტიის დატოვების მცდელობაში ადანაშაულებდა. ამავეს წერდა საკუთარ facebook-ის გვერდზე ჟურნალისტი ირმა ინაშვილიც.
“საზოგადოებას ვუზიარებ ჩემს გულისტკივილს და გაოცებას: სამი დღის მანძილზე ბატონი ზაზა მეფარიშვილი (იმერეთის რეგიონის უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელი) და ბატონი ირაკლი მელაშვილი (რომელიც პრემიერის მრჩეველია და რეგიონებს კურირებს) იბარებენ ქუთაისის საკრებულოს წევრებს. აშინებენ, ემუქრებიან და აიძულებენ – დაეტოვებინათ ფრაქცია “საქართველოს პატრიოტთა ალიანსი,” _ წერდა ინაშვილი რამდენიმე დღის წინ. თუმცა, იმერეთის უშიშროების უკვე ყოფილი მაღალჩინოსანი ამ ფაქტს კატეგორიულად უარყოფდა.
როგორც იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაში აცხადებენ, შესაძლოა, იმერეთის ახალი გუბერნატორი სამსახურში დღესვე მივიდეს. სხვა ინფორმაციას ამ ეტაპზე სამხარეო ადმინისტრაციაში არ ფლობენ.
იმერეთის გუბერნატორი, უშიშროების ხელმძღვანელობამდე, “საქართველოს ბანკის” ერთ-ერთი დეპარტამენტის უფროსის მოადგილე იყო, სადაც მეფარიშვილის შემოსავალი წლიურად 48000.00 ლარს შეადგენდა.
ზაზა მეფარიშვილის მიერ 2013 წელს შევსებულ ქონებრივ დეკლარაციაში მოცემულია, რომ ის ქუთაისში სარაჯიშვილის ქუჩაზე სამ საცხოვრებელ ფართს ფლობს. ასევე, ბიზნეს წილები აქვს სხვადასხვა კერძო კომპანიებში. მისი მეუღლე ეკატერინე არჩვაძე კი საკუთარი სახლის მფლობელია ქუთაისში. ასევე ბინის მესაკუთრე ბორჯომში – დაბა ბაკურიანში.
ზაზა მეფარიშვილი ქუთაისში 1966 წლის 19 მაისს დაიბადა. ჰყავს მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი.