საუკეთესო ახალგაზრდა მუსიკოსები მოსკოვის სახელმწიფო ფილარმონიის საკონცერტო დარბაზში 10 დეკემბერს უკვე დააჯილდოვეს, თუმცა, ამ დრომდე ქართველი პიანისტის წარმატების შესახებ ინფორმაციას კულტურის სამინისტრო არ ფლობს.
კონკურსანტებს “მაკნატუნას” პრიზი და საჩუქრები სამ ნომინაციაში ერგოთ. ოქროს, ვერცხლის და ბრინჯაოს “მაკნატუნას” ფიგურები მსოფლიოში ცნობილი მხატვრის მიხეილ შემიაკინის ესკიზის მიხედვით არის დამზადებული. საუკეთესო პიანისტის ნომინაციაში “ოქროს მაკნატუნა” ქართველ დავით ხრიკულს, ვერცხლის – 9 წლის იაპონელ შიო ოკუის, ხოლო ბრინჯაოს პრიზი 10 წლის კორეელ მა ხინგს ხვდა წილად.
“მაკნატუნას” მესამე ტურში ხრიკულმა მენდელსონის საფორტეპიანო კონცერტის ფინალი დაუკრა.
კონცერტის ბოლოს, მაყურებელს ასევე შესაძლებლობა ჰქონდა გამოევლინა საკუთარი სიმპატია, ამ ნომინაციაში გამარჯვებული იაპონელი შიო ოკუი გახდა, რომელსაც აუდიტორიის ჯილდო გადაეცა. ქართველი მოსწავლის ტრიუმფის შესახებ მსოფლიო პრესა წერდა. “გურია ნიუსი” ამ სასიხარულო ამბის დეტალების გასარკვევად საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს დაუკავშირდა, თუმცა, ხრიკულის წარმატების შესახებ, სამინისტროში არაფერი იციან.
როგორც სამინისტროს პრესსამსახურში გვითხრეს, “კონკურსში საქართველო ჩართული არ იყო და შესაბამისად, დეტალების შესახებ სამინისტროსთვის ცნობილი არ არის”. შეგახსენებთ, რომ ეს უაღრესად პრესტიჟული საერთაშორისო კონკურსი 2000 წლიდან ყოველწლიურად ტარდება.