“საზოგადოებისათვის ცნობილი უნდა იყოს ის, რომ თბილისის მერიის მიერ, 2007 წლიდან დამონტაჟებულ იქნა დღეს არსებული დეკორატიული განათება და ანძის სასიგნალო განათება მერიისვე კატეგორიული მოთხოვნის საფუძველზე იქნა გამორთული. მიუხედავად იმისა, რომ ეს სასიგნალო განათება 2007 წლის შემდეგ პრაქტიკულად აღარ გამოიყენება ანძის გასანათებლად, ტელერადიო ცენტრის ტექნიკური სამსახური რეგულარულად ახდენს ამ განათების გადამოწმებას. უკანასკნელად, განათების გადამოწმება მოხდა 2013 წლის დეკემბერში.
2014 წლის 20 იანვარს, ყოველგვარი წინასწარი გაფრთხილებისა და შეტყობინების გარეშე, 16:30 წუთზე, ქ.თბილისის მერიის დავალებით, ტელერადიო ცენტრის ტექნიკურ სამსახურთან შეუთანხმებლად, შესაბამისი სამსახურების მიერ მოხდა ანძის განათების გათიშვა. ანძის სასიგნალო განათება კი, ჩვენთვის ჯერჯერობით დაუდგენელი მიზეზებით არ ჩაირთო, რამაც თავის მხრივ, საფრთხე შეუქმნა თბილისის საჰაერო სივრცის უსაფრთხოებას.
იმ შემთხვევაში, თუკი ქ.თბილისის მერიის მხრიდან, რამდენიმე საათით ადრე მაინც, გამოგზავნილ იქნებოდა შეტყობინება, ანძის გარე განათების გათიშვის შესახებ, ტელერადიო ცენტრის ტექნიკური სამსახური შეძლებდა განათების ხელახალ საკონტროლო გადამოწმებას და ზემოთხსენებული საფრთხეების თავიდან აცილებას”, _ ნათქვამია განცხადებაში.