თეა წულუკიანი ლიტვაში საქართველოს საელჩოს ეწვია და სპეციალურად გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი ლიტვის სეიმის თავმჯდომარესთან ერთად დატოვა.
მინისტრის განცხადებით, ქვეყანამ, შვიდი ქართველი გმირის სახით, უდიდესი მსხვერპლი გაიღო საერთაშორისო უსაფრთხოებისთვის.
“ვიმედოვნებ, რომ ეს არის უკანასკნელი მსხვერპლი, რომელიც ჩვენ ავღანეთში გავიღეთ. ვუსამძიმრებ გარდაცვლილთა ოჯახებს და მთელ საქართველოს. მოხდა ისე, რომ ამ მძიმე დღეებში საქართველოში არ ვიმყოფები. დღეს ჩვენი მეგობარი ქვეყნების პირველი პირები მოდიან აქ, ჩვენს საელჩოში, რათა მწუხარება გამოხატონ მომხდარის გამო”, − განაცხადა წულუკიანმა.
დღესვე ლიტვაში საქართველოს საელჩოს ლიტვის პრემიერ-მინისტრი და სეიმის თავმჯდომარე ეწვივნენ და სამძიმრის წიგნში თავიანთი ჩანაწერები დატოვეს.
“ვუსამძიმრებ ქართველ ხალხს. ჩვენ თქვენი მეგობრები ვართ და ახლა ძალიან გვტკივა იმის გამო, რომ ამდენი ჯარისკაცი დაკარგეთ ავღანეთში. ჩვენ თქვენ გვერდით ვდგავართ და ვაფასებთ იმ ფასდაუდებელ წვლილს, რომელიც ავღანეთის სამშვიდობო მისიაში ქართველ ჯარისკაცებს შეაქვთ”, − განაცხადა ლიტვის სეიმის თავმჯდომარე ვიდას გედვილასმა.
ლიტვაში საქართველოს საელჩოს, ადგილობრივი ხელისუფლების გარდა, სხვა ქვეყნების დიპლომატიური მისიების წარმომადგენლებიც ეწვივნენ და ქართველ ხალხს მომხდარის გამო სამძიმარი გამოუცხადეს.
საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ლიტვაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება, სადაც ის ზიანის შემცირების საერთაშორისო კონფერენციას ესწრება.