ისინი “შრომის კოდექსის” კანონპროექტის პირვანდელ სახით დაბრუნებას ითხოვენ და აღნიშნავენ, რომ კანონპროექტის პირველადი სახე შეჯერებული და შეთანხმებული იყო, როგორც მთავრობასა და პროფკავშირებს შორის, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებთან. პროფკავშირების ერთ-ერთი ხელმძღვანელის ლავრენტი ალანიას განცხადებით, თუ კანონპროექტს ამ სახით მიიღებენ, ისევ გაიზრდება დამსაქმებელთა უფლებები და სამსახურებიდან ადამიანების არაობიექტურად დათხოვნა. აქციები პარლამენტთან კვლავ გაგრძელდება და თუ პროფკავშირების მოთხოვნები არ დაკმაყოფილდა, პროტესტი უფრო მასშტაბურ სახეს მიიღებს და აქციები პერმანენტული გახდება.
“დღეს კომიტეტში შრომის კოდექსის განხილვაა. კანონპროექტს მეორე მოსმენით სრულიად ეცვალა სახე _ იზრდება დამსაქმებელთა უფლებები. ისევ იქნება ზეპირი ხელშეკრულებები, ობიექტური გარემოებების გარეშე ადამიანების გათავისუფლებები. არ არის გათვალისწინებული ის, რაზეც შეჯერდა პროფკავშირები და მთავრობა და რაზეც შეთანხმება იყო მიღწეული საერთაშორისო ორგანიზაციებთან,” _ განაცხადა ტრანსპორტის პროფკავშირების ხელმძღვანელმა ლავრენტი ალანიამ.