2013 წლის 11 ივნისს გამართულ სატენდერო კომისიის სხდომაზე წარმოდგენილი იქნა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის დასკვნა, სამხედრო მოსამსახურეთა კვებით უზრუნველყოფის შესახებ, სადაც აღნიშნულია, რომ 2013 წლის 1 მაისიდან სამხედრო მოსამსახურეები არანორმირებულიდან ნორმირებული კვების რეჟიმზე გადავიდნენ. გენერალური ინსპექციის თანამშრომლების მიერ, სამხედრო მოსამსახურეებს შორის ჩატარებული გამოკითხვით დადგინდა, რომ ისინი გამოთქვამდნენ ცალკეულ უკმაყოფილებას ნორმირებული კვების რეჟიმზე გადასვლასთან დაკავშირებით.
_ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის მთავარ ღირებულებას ჯარისკაცი წარმოადგენს, ამიტომ სამინისტროს ხელმძღვანელობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ გაეთვალისწინებინა სამხედრო მოსამსახურეთა სურვილი, სისტემაში აღედგინა არანორმირებული კვება და ამით მოესპო ის მცირედი დისკომფორტიც კი, რაც შესაძლებელია ეგრძნოთ სამხედრო მოსამსახურეებს.
ნორმირებულ კვებაზე გადასვლა, თავის მხრივ, სატენდერო დოკუმენტაციის არსებით ცვლილებას იწვევს, ამიტომ მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, თავდაცვის სამინისტროს სატენდერო კომისია იძულებული გახდა შეეწყვიტა კვებით უზრუნველყოფის ტენდერები.
თავდაცვის სამინისტრო იმედს იტოვებს, რომ ტენდერებში მონაწილე კომპანიებისათვის ზემოაღნიშნული არგუმენტები მისაღები და წონადი იქნება, _ აღნიშნულია თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.