ბატონო პრემიერ-მინისტრო, მოვლენების მიმდინარეობა გვარწმუნებს, რომ მიზანმიმართულად ხდება კოოპერატიული ბინათმშენებლობის წევრთა 8000-მდე ოჯახის მეტად მწვავე პრობლემის იგნორირება. ირღვევა ადამიანის ყველაზე მთავარი უფლება საკუთარი „საცხოვრისის“ შესახებ. ასევე ხდება, მათი, საკმაოდ სოლიდური რაოდენობის, დღევანდელი ხელისუფლების მიმართ უკმაყოფილოთა რიგებში ჩართვა.
გთხოვთ სამართლიანობის აღდგენას!_ ნათქვამია საკმაოდ ვრცელ წერილში, სადაც ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური რამდენჯერმეა მოხსენიებული:
“2013 წლის 20 მარტს შეხვედრა შედგა ფინანსთა მინისტრსა და ცენტრ “ერთობას” შორის, სადაც ბატონმა ნოდარ ხადურმა აღნიშნა, რომ უახლოეს სამ კვირაში მოიწვევდა “სახელმწიფო კომისიის “სხდომას (თავმჯდომარე ბ-ნი ნ. ხადური), სადაც დასწრების საშუალება ექნებოდა არასამთავრობო სექტორსა და დაზარალებულთა წარმომადგენლებს. ამასთანავე, მინისტრმა ცენტრ “ერთობას“ სთხოვა მოეწოდებინა დოკუმენტაცია ამ სფეროში არსებულ დანაშაულებრივ დარღვევებზე, რაც მეორე დღესვე იქნა წარდგენილი. ამასთანავე ცენტრმა “ერთობამ“ შესაბამისი ახსნა-განმარტებაც გადასცა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს, თუმცა დღემდე არავითარი რეაგირება არ მომხდარა.
2013 წლის 25 მაისს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გაზეთის საიუბილეო საღამოზე ფინანსთა მინისტრმა, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კოოპერატიული ბინათმშენებლობის თავმჯდომარესთან, ქ-ნ დალი გაბეშიასა და გამგეობის ორ წევრთან საუბრისას თქვა:„ ყველაფერს ვაკეთებთ ამ საქმის ბოლომდე მისაყვანად. დავიჭირეთ თადარიგი ცხრა სართულიანი კორპუსების მოსაძიებლად და შესასყიდად. ეს ჩვენი წინასაარჩევნო დაპირებაა თქვენს მიმართ და ამას უმოკლეს დროში შევასრულებთ. ამის შესახებ ოფიციალურად გეცნობებათ ნოემბრის თვეში, როცა 2014 წლის ბიუჯეტში აისახება გასასტუმრებელი ვალის ოდენობა“. _ ნათქვამია ამავე ღია წერილში.
აღნიშნულ წერილს ფინანსთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური გამოეხმაურა. ფინანსთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ფინანსთა მინისტრს არც ცრუ დაპირებები გაუცია და არც უპასუხისმგებლო განცხადებები გაუკეთებია.
ფინანსთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
“კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულების პრობლემა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და სერიოზული საკითხია, რომლის სამართლიანად და ობიექტურად მოგვარება ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა.
საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, პირადად, ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა არაერთხელ გამართულ საჯარო შეხვედრაზე განაცხადა, რომ შიდა ვალის პრობლემათა შემსწავლელმა სახელმწიფო კომისიამ, პირველ ეტაპზე, სპეციალურ სამუშაო ჯგუფს სწორედ კოოპერატიული ბინათმშენებლობის საკითხის შესწავლა დაავალა. აღნიშნული ჯგუფი გაეცნო სხვადასხვა დაწესებულებებიდან და ორგანიზაციებიდან გამოთხოვილ დოკუმენტაციას, თავად დაზარალებულთა მიერ მოწოდებულ მასალებს. ასე რომ, ამ მიმართულებით მთავრობა აქტიურად მუშაობს და ეძებს წლების განმავლობაში მოუგვარებელი პრობლემის გადაჭრის ეფექტურ გზებს.
აქვე, ცალსახად გვინდა ავღნიშნოთ, რომ ფინანსთა მინისტრს არცერთი საჯარო ან პირადი შეხვედრის დროს, არ გაუკეთებია უპასუხისმგებლო განცხადებები, მით უფრო, არ გაუცია ცრუ დაპირებები მოქალაქეებისთვის, რაც უკავშირდება კონკრეტულ ვადას, ალტერნატიული ფართებით უზრუნველყოფას თუ თანხის დასახელებას, გამომდინარე იმ რესურსებიდან და შესაძლებლობიდან, რაც რეალურად დღეს აქვს სახელმწიფოს.
ფინანსთა სამინისტრო კვლავ ადასტურებს, რომ მზადაა კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულების პრობლემის მოგვარების საკითხში გააგრძელოს თანამშრომლობა არასამთავრობო და სამოქალაქო სექტორთან, რათა რეალურად მოიძებნოს ამ პრობლემის მოგვარების სამართლიანი გზა.
უახლოეს მომავალში სამუშაო ჯგუფი შესრულებული სამუშაოს ანგარიშს წარუდგინს სახელმწიფო კომისიას. შესაბამისად, მას გაეცნობა სამოქალაქო საზოგადოება და გაიმართება დისკუსია.” _ ნათქვამია განცხადებაში.