რა გველის – ევროპა, დემოკრატიითა და უფლებების დაცვით, თუ ხალიფატი, შარიათის კანონებით? არსებობს თუ არა რეალურად ისლამური ექსტრემიზმის საფრთხე ჩვენს ქვეყანაში?
საქართველო ტერორისტების მიერ შედგენილ რუკაზე აღმოჩნდა, სადაც მთელი ჩრდილოეთ კავკასია და აღმოსავლეთ ევროპის ნაწილიც შედის და რომლის შესახებაც, დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფო ერაყი და ლევანტის" მებრძოლებმა ინტერნეტქსელში აუდიოჩანაწერი გაავრცელეს.
მართალია, არავინ იცის რამდენად დგას სიმართლესთან ახლოს სოციალურ ქსელებში გავრცელებული ჩანაწერები, მაგრამ ფაქტია, რომ სირიასა და ერაყში მებრძოლი ექსტრემისტების ხელმძღვანელმა ხალიფატის შექმნა დააანონსა, სადაც შარიათის კანონები უნდა დაწესდეს.
ხალიფატი ესაა სახელმწიფო წყობილების სისტემა, არაბების დაპყრობათა შედეგად შექმნილი ფეოდალური სახელმწიფო, რომლის სათავეშიც ხალიფა (ხელმძღვანელი, რომელსაც ყველა ემორჩილება) დგას. რაც შეეხება შარიათის კანონებს, ესაა ისლამური კანონი, რომელიც ყურანსა და ტრადიციაზეა დაფუძნებული. შარიათის თანახმად, ადამიანთა ქმედებები შემდეგ კლასიფიკაციას ექვემდებარება: სავალდებულო; სასურველი;
დაშვებული; გაკიცხული ან დაგმობილი; აკრძალული ქმედებები. სწორედ შარიათის კანონებზე დაყრდნობით ჩაქოლეს უკანასკნელ პერიოდში სირიაში 22 წლის გოგონა FACEBOOK-ის მოხმარებისთვის.
ტერორისტული დაჯგუფება "ერაყისა და ლევანტის ისლამური სახელმწიფოს" მიერ დაანონსებული ერთიანი ისლამური სახელმწიფოს შექმნის იდეა, მომდევნო 5 წელიწადზეა გათვლილი. რუკაზე საქართველოსა და ჩრდილოეთ კავკასიასთან ერთად მოხვდა არაბეთის ნახევარკუნძული, თურქეთი, ჩრდილოეთ აფრიკა, აზია, ბალკანეთი, ყირიმი, ესპანეთი და პორტუგალია.
მიუხედავად იმისა, რომ ერაყისა და სირიის კონტროლირებად ტერიტორიაზე ექსტრემისტებმა უკვე გამოაცხადეს ისლამური სახალიფო, ქართველი ექსპერტები იდეის, რომელიც კავკასიის სახალიფოში მოქცევას ითვალისწინებს, რეალიზაციას სკეპტიკურად უყურებენ, თუმცა საფრთხეების არსებობას არ უარყოფენ.
"წმინდა ფსიქოლოგიური, იდეოლოგიური ომი მიმდინარეობს და მსგავსი ტიპის რუკები და წარმოდგენები ადრეც არაერთხელ გავრცელებულა. ეს არის სტრატეგიული მიდგომა, რომ მოსახლეობაზე ზემოქმედება მოახდინონ", _ აღნიშნავს საქართველოს პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი.
კავკასიელ ხალხთა კონფედერაციის პრეზიდენტი ზაალ კასრელიშვილი ამბობს, რომ ამ იდეას განხორციელება არ უწერია, მაგრამ ასეთი ტიპის განცხადებები გარკვეულ საფრთხეებს შეიცავს.
"ის უქმნის კავკასიის მოსახლეობას საფრთხეს იმიტომ, რომ კავკასიაში ძალიან ბევრი რადიკალური ისლამის მიმდევარია და მეორე, ასეთი ტიპის განცხადებები რუსეთის ხელისუფლებას აძლევს თავისი სპეცსამსახურები და ფედერალური არმია გააძლიეროს, გაააქტიუროს და საერთაშორისო საზოგადოების თვალში პასუხი არ აგოს."
რამდენად შესაძლებელია ხალიფატის საზღვრებში ქრისტიანული ქვეყნების, მოქცევა, ამაზე რუსეთის ისლამური კომიტეტის თავმჯდომარე ჰეიდარ ჯემალი "მოამბესთან" საუბრობს.
"როდესაც იბადებოდა ისლამი, მის ირგვლივ იყვნენ მხოლოდ ქრისტიანები. ერაყი, სირია, ლიბია ძირითადად დასახლებული იყო ქრისტიანებით ან წარმართებით, თუმცა ამას მუსლიმანებისთვის ხელი არ შეუშლია ამ ტერიტორიების დაკავებასა და არაერთი ხალიფატის შექმნაში."