დღეს, ოზურგეთის სახელმწიფო თეატრში ადგილობრივი მოსახლეობა "საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" ლიდერებს და ოზურგეთის მერობის კანდიდატს, შოთა გოგიბერიძეს შეხვდნენ.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის გამართვამდე ორი დღით ადრე, პარტიის ლიდერთა სტუმრობა, როგორ თავად ისაუბრეს, მერობის კანდიდატის მხარდასაჭერად იყო გამიზნული.
დავით თარხან-მოურავმა ისაუბრა საარჩევნო სიების საეჭვო რაოდენობაზე მთელ საქართველოში და თქვა, რომ მისი პარტია ყველანაირად ეცდება, ხელახალი აღწერა მოახდინოს მომდევნო ორ წელიწადში. ასევე, იბრძოლებს, რომ ეგზიტპოლების ცრუ სისტემაც ამ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ დაინგრეს, რათა სამართლიანი არჩევნები ჩატარდეს. მოუწოდა ოზურგეთელებს, რომ შოთა გოგიბერიძე ღირსეული მერობის კანდიდატია და ყველა უნდა მივიდეს საარჩევნო უბანზე, რომ გაიმარჯვონ.
პარტიის გენერალურმა მდივანმა ირმა ინაშვილ თქვა, რომ მას სურვილი აქვს, საგანგებო განცხადება გააკეთოს "ქართული ოცნების" მიერ გავრცელებული ინფორმაციის თაობაზე.
_ "ქართული ოცნების" შტაბმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ჩვენ სხვა პროგრამა გვაქვს, მათ სხვა და ასე პროექტების გახორციელება არ მოხდებაო. დიახ, ჩვენ გვაქვს სხვა პროგრამა, ოღონდ, ბევრად უკეთესი, გააზრებული და გონიერი. რაც მთავარია, არ ვიტყუებით, _ თქვა მან.
ოზურგეთელთა წინაშე, ასევე სიტყვით გამოვიდნენ ერეკლე საღლიანი, ვაჟა ოთარაშშვილი, ზაზა მამალაძე, მანუჩარ მაჩაიძე…
ემოციური იყო ადა მარშანიას გამოსვლა:
_ 22 წელია, არ ვყოფილვარ კელასურში… კიდევ ამდენი ხანი რომ არ დაგვჭირდეს ლოდინი, კიდევ 20 წელი რომ არ ვიაროთ მოჯადოებულ წრეზე, სამართლიანობა რომ აღდგეს, ხმა უნდა მივცეთ ღირსეულ კანდიდატებს და მათ შორის , შოთა გოგიბერიძეს! იმპერიის ტანკი არ დგას გარეთ და ტყვიას არ გესვრის თავში! ახლა ამ თავში შესაცვლელია მხოლოდ აზროვნება, უარსაყოფია შიში. მადლობა ოზურგეთს, რომ ასეთ მაღალ დონეს აჩვენებს არჩევნებზე. ყველა ხელისუფლების ტყუილით და უსაქმურობით დავიღალეთ, მაგრამ არ უნდა დავიღალოთ სამშობლოს სიყვარულით, _ თქვა მან.
მომღერალმა ზაზა მამალაძემ, გურულობა იუმორის გარეშე ვერ წარმომიდგენია, მსოფლიო ჩემპიონიც მე ვარ გურულობაში და აღარ მინდა კიდევ ვინმე მოვატყუოთ, წინა ხელისუფლებას დავყვებოდი არჩევნებამდე, ყველაფერს ვპირდებოდით ხალხს და ახლა ბევრგან მისვლა ამეკრძალაო.
ბოლოს ამომრჩევლებს ოზურგეთის მერობის კანდიდატმა, შოთა გოგიბერიძემ მიმართა:
_ ეს სავსე დარბაზი და თქვენი განწყობა მარწმუნებს, რომ ერთად გავიმარჯვებთ. სამართლიანობის აღდგენა, გაჭირვებულ ადამიანზე ზრუნვა, ჩვენი ქალაქის ღირსეული მომავალი _ ესაა ჩემი მიზანი და კანონი თვითმმართველობის შესახებ ამის ასრულების საშუალებას იძლევა. ერთად უნდა გავიმარჯვოთ!