საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე ამერიკელი სენატორების, ჯონ მაკკეინის, ბენ კარდინის, ჯეან შაჰიინის და ჯიმ რიჩის, ერთობლივ განცხადებას ეხმაურება, სადაც სენატერები საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და წინა ხელისუფლების წარმომადგენელი სხვა მაღალი რანგის მოხელეების წინააღმდეგ, სისხლის სამართლის საქმეების აღძვრის გამო იმედგაცრუებას გამოხატავენ.
ჯაფარიძის განცხადებით, ზემოთ ხსენებული სენატორები, საქართველოს დიდი ხნის მეგობრები არიან და მათ უაღრესად დიდი ღვაწლი მიუძღვით საქართველოსა და აშშ-ს შორის ურთიერთობების გაღრმავებაში.
"სწორედ ამ ფაქტორის გამო სასწრაფოდ უნდა გავერკვეთ სიტუაციაში და უნდა გავაანალიზოთ საქართველოს ხელისუფლების პროტესტი აღნიშნულ განცხადებასთან დაკავშირებით.
საქართველოს გენერალურმა პროკურორმა ამ დღეებში მოკლე განცხადება გააკეთა ბოლო დროს აღძრულ სისხლის სამართლის საქმეებთან დაკავშირებით. მე ვითვალისწინებ სასამართლოს დამოუკიდებლობის პრინციპს და გენერალური პროკურორის მიერ დასმული საკითხის არსის კომენტირებისგან თავს ვიკავებ.
ამდენად, მიმაჩნია, რომ ეს პრინციპი ჩვენმა მეგობარმა ამერიკელმა სენატორებმაც უნდა დაიცვან, გარდა იმ შემთხვევისა, როცა არსებობს საფუძველი ვარაუდისათვის, რომ საქმის განხილვის კანონიერი პროცედურები დაირღვა (რაც, სამწუხაროდ, წინა ხელისუფლების 9-წლიანი რეჟიმის დროს გავრცელებული პრაქტიკა იყო). ამ შემთხვევაში კანონის უზენაესობა გამოწვევების წინაშე დგება. თუ ეს მართლაც ასეა, მაშინ აღნიშნულ ერთობლივ განცხადებას თან უნდა ახლდეს კონკრეტული მტკიცებულება.
როგორც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი აღნიშნავს, კანონის უზენაესობა იმას ნიშნავს, რომ კანონი ყველამ უნდა დაიცვას და სამართლებრივი სისტემა პოლიტიკური ანგარიშსწორების ინსტრუმენტად არ უნდა იქნეს გამოყენებული. აქედან გამომდინარე, თუ ვინმე საეჭვოს ხდის საქართველოში კანონის უზენაესობის დაცვას, მან უნდა დაასაბუთოს ის, რომ ცალკეული პირები კანონზე მაღლა დგანან ან რომ პოლიტიკური ანგარიშსწორების მიზნით სამართლებრივი პროცედურები დაირღვა.
ორივე შემთხვევა შეგვიძლია განვიხილოთ, როგორც სერიოზული ბრალდება მოკავშირე სახელმწიფოს წინააღმდეგ, განსაკუთრებით, როცა ეს ბრალდება სათავეს ვაშინგტონიდან იღებს. ეს მნიშვნელოვანია, ვინაიდან აშშ მარტო ჩვენი მოკავშირე ქვეყანა არ არის − უკვე დიდი ხანია, იგი საქართველოს დამოუკიდებლობის, დემოკრატიზაციისა და ლიბერალიზაციის აქტიური დამცველია. აშშ-ს ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან ერთად არაერთხელ გაუწევია ჩვენთვის მატერიალური დახმარება. ამასთანავე, ის მრჩევლის როლს ასრულებდა და საქართველოს ტრანსფორმაციის რთულ პროცესებს აკვირდებოდა. მიუხედავად ამისა, დემოკრატიული კონსოლიდაცია მიღწეული ვერ იქნება სხვადასხვა კრიტერიუმის გაუთვალისწინებლად. კერძოდ, კონსოლიდაცია შესაბამის პროცესში ნდობის არსებობას მოითხოვს. ამასთანავე, ჩვენი ღრმა რწმენით, არავინ არ დგას კანონზე მაღლა და კანონის მიღმა.
აღნიშნული ნდობის ფაქტორი, უპირველეს ყოვლისა, გულისხმობს სასამართლო პროცესის მიმართ ნდობას, რაც კანონის წინაშე ყველას თანასწორობის რწმენით გამოიხატება. ეს ნდობა მოითხოვს, პირველ რიგში, ადამიანის უფლებების დარღვევის ყველა შემთხვევის სრულ და ჯეროვან გამოძიებას და წარსული, ახლანდელი და მომავალი ხელისუფლებების იმ წარმომადგენელთა საქმიანობის დროულ შესწავლას, რომლებმაც ხელისუფლებაში ყოფნის დროს ძალაუფლების კონტროლისა და დაბალანსების სისტემაში თავიანთ უფლებამოსილებას გადააჭარბეს. კანონის უზენაესობის აღნიშნული პრინციპის მნიშვნელობა და წარსულში ადამიანის უფლებების დარღვევისათვის პასუხისმგებლობა წინა კვირაში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტმა მის მიერ საქართველოს შესახებ გაკეთებულ დასკვნაში მოიხსენია.
ეს დოკუმენტი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, გამოიძიოს ყოფილი ხელისუფლების რეჟიმის დროს ძალაუფლების ბოროტად გამოყენების ფაქტები, მათ შორის, 2007 წლის 7 ნოემბრის მშვიდობიანი დემონსტრაციის დარბევის ფაქტი. ასევე აღსანიშნავია ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული მოხსენებები, რომლებშიც დეტალურად არის ასახული ის ინციდენტები, რომლებზედაც გამოძიება მიმდინარეობს. მათ შორისაა Human Rights Watch-ის 2007 წლის დეკემბრის ანგარიში", _ განაცხადა ჯაფარიძემ და დასძინა, რომ საქართველოს გენერალური პროკურატურა მოცემულ ეტაპზე აკვირდება არსებულ ვითარებას და სარგებლობს ყოფილი პროკურორებისგან შემდგარი საერთაშორისო გუნდის დახმარებით, რომლის შემადგენლობაში აშშ-ის წარმომადგენლებიც არიან.
"გენერალური პროკურორი მხოლოდ იმ საქმეებით არის დაკავებული, რომლებიც წარსულში ფართოდ გავრცელებული დაუსჯელობის გამო უგულებელყოფილი იყო. აღნიშნული პროცესი კანონის საფუძველზე მიმდინარეობს და საზოგადოების ნდობის აღდგენას ემსახურება. გასათვალისწინებელია, რომ ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი, რომელმაც წვლილი შეიტანა 2012 წელს საპარლამენტო არჩევნების გზით ხელისუფლების მშვიდობიან შეცვლაში, იყო ვიდეოკადრებით დამოწმებული, პოლიტიკურად მოტივირებული და სისტემური წამების ფაქტები. ამგვარი ბრალდებების მიმართ შესაძლოა შენიშვნები გამოითქვას, მაგრამ მათი იგნორირება დაუშვებელია.
პირადად მე, როგორც ყოფილ ელჩს ამერიკის შეერთებულ შტატებში, როგორც ყოფილ მრჩეველს ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, როგორც პირველ საგარეო საქმეთა მინისტრს ვარდების რევოლუციის შემდეგ, როდესაც ჩვენს ქვეყნებს შორის ტრანსატლანტიკურ პარტნიორობას ჩაეყარა საფუძველი, მტკიცედ მწამს, რომ აღნიშნული ერთობლივი განცხადებიდან გამომდინარე ორმხრივი უთანხმოება არასასურველი და სამწუხაროა. ეს განცხადება აჩენს ეჭვებს დემოკრატიზაციისა და ინსტიტუტების მშენებლობის პროცესის მიმართ, რომელსაც ერთობლივი მუშაობის შედეგად მივაღწიეთ. ამას ძალიან განვიცდი. საქართველოს ხელისუფლება და მეც უზომოდ დიდ პატივს ვცემთ აღნიშნული განცხადების ხელმომწერებს. ჩვენ ერთად ვიმუშავეთ, რომ საქართველოში კანონის უზენაესობა დამკვიდრებულიყო როგორც ნორმატიული კუთხით, ისე პრაქტიკულად. გვჯერა, რომ ერთობლივი განცხადების ავტორები ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩვენს სხვა მეგობრებთან ერთად მნიშვნელოვან როლს შეასრულებენ საქართველოში სამართლიანობისა და კანონის უზენაესობის დამკვიდრების თეორიიდან პრაქტიკაში გადასატანად", _ განაცხადა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძემ.