ამ წუთებში, ჟურნალისტებისთვის ცნობილი გახდა, რომ უშიშროების საბჭოს სხდომას ირაკლი ღარიბაშვილი არ დაესწრება.
როგორც საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ განაცხადა, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და მთავრობამ, მოსამზადებელი სამუშაოებისთვის ყველაფერი გააკეთეს.
უშიშროების საბჭოს სხდომა მთავრობის კანცელარიაში ამ წუთებში დაიწყო. სხდომას პრემიერ-მინისტრის გარდა საბჭოს მუდმივმოქმედი სხვა დანარჩენი წევრი ესწრება.
უშიშროების საბჭოს სხდომაზე საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მოვიდა, რომელსაც ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებია.
შეგახსენებთ, რომ დღევანდელ უშიშროების საბჭოს სხდომაზე, ორი საკითხი განიხილება – ნატო-ს უელსის სამიტი და ავღანეთში სამხედრო კონტიგენტის განახევრება.
ჟურნალისტების კითხვაზე, რატომ იმართება უშიშროების საბჭოს სხდომა მთავრობის კანცელარიაში, უშიშროების საბჭოს მდივანმა ირინა იმერლიშვილმა განაცხადა:
"უშიშროების საბჭო მისი დაარსების დღიდან ამ შენობაშია. აქ არის მისი სათათბირო ოთახი. ამიტომ, ჩემი შეთავაზება პრეზიდენტისადმი იყო ის, რომ ეს ოთახი დანიშნულებისამებრ გამოგვეყენებინა.
ამიტომ, მოვიწვიეთ უშიშროების საბჭოს სხდომა აპარატის შენობაში.
დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, სრული პასუხისმგებლობით, რომ ეს საკითხი არ ყოფილა განხილული არც პრემიერთან და არც საქართველოს პრეზიდენტთან.
შეკითხვები ადგილმდებარეობასთან დაკავშირებით არ დასმულა. ჩემი პირადი რეკომენდაცია იყო, რომ უშიშროების საბჭოს დარბაზი გამოყენებულიყო დანიშნულებისამებრ", _ განაცხადა ირინა იმერლიშვილმა.