10 აგვისტოს, ანაკლიის ცენტრში, ახალი მუნიციპალური ბაზარი გაიხსნება, რომელიც 170 მოვაჭრეზეა გათვლილი. ასევე, 4 წლის განმავლობაში, სოფელ ანაკლიის ზოლში, დაგეგმილია 100-120 მცირე ზომის კერძო სასტუმროს მშენებლობა.
როგორც "გურია ნიუსს" კაზანტიპის რესპუბლიკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს: "რესპუბლიკა კაზანტიპისთვის" ანაკლია ერთჯერადი ლოკაციის ადგილი არ იქნება და აღნიშნული პროექტი მომდევნო 10 წლის განმავლობაში ანაკლიაში გეგმავს ელექტრონული მუსიკის ფესტივალის ჩატარებას. ყოველწლიურად ანაკლიის სანაპიროზე ჩამოსული 10 ათასობით ტურისტი კი სწორედ ამ ახალ სასტუმროებში და კერძო სახლებში განთავსდებიან. ეს უკანასკნელი, კი თავის მხრივ უკვე ადგილობრივი მოსახლეობის კეთილდღეობაზე აისახება პირდაპირპროპორციულად.
ამას გარდა, თუ პროექტი, მართლაც 10 და მეტი წელი გაგრძელდა, ნიკიტა მარშუნოკის ვარაუდით, კურორტის მთელი სანაპირო ზოლზე გრანდიოზული სასტუმროები აშენდება და არც საერთაშორისო აეროპორტზე საუბარი იქნება შორეული პერსპექტივა.
ამ ეტაპზე ანაკლია 30 ათასამდე ტურისტის მისაღებად ემზადება, ანაკლიაში არსებულ სამი სასტუმროთი და სპეციალურად ფესტივალისთვის აშენებული კარვების ქალაქით, 2500 კარვით, რომლებიც 2-2- პირზეა გათვლილი. ყველაზე მეტი სტუმრის მიღება კი ადგილობრივ კერძო ბიზნესმენებს საკუთარი ფართების გაქირავებით შეუძლიათ – ამ შემთხვევაში საუბარია 17 ათას ადგილზე.
რაც შეეხება რესპუბლიკა კაზანტიპში მოსახვედრ ვიზებს, ე.წ. ბილეთებს, მათი შეძენა, როგორც ცნობილია, დარეგისტრირების შემდეგ შიძლება და უკვე ადგილზეც, თუმცა ადგილზე ფასი შესაძლოა განსხვავებული იყოს. ვიზების შეძენა უკვე დღეიდან შესაძლებელია საქართველოს ნებისმიერ ადგილას, TBC ბანკის სწრაფი გადახდის აპარატებში.
ასე რომ, ანაკლიაში პროექტისთვის მზადება აქტიურად მიმდინარეობს: ეწყობა ინფრასტრუტურა, კეთდება ბარები, რესტორნები, გასართობის კლუბები, მზადდება სცენები დიჯეებისთვის, ბიო ტუალეტები და ა.შ. თუმცა, რაც ყველაზე მთავარია, ინფრასტრუქტურის მოწყობაში სახელმწიფო არცერთ თეთრს არ ხარჯავს და ფულს თავად ფესტივალის ორგანიზატორები გამოყოფენ."
შეგახსენებთ, რომ 2014 წელს, ყოველწლიური საერთაშორისო ელექტრონული მუსიკალური ფესტივალი "კაზანტიპი" ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ანაკალიაში ჩატარდება, რომელიც სამეგრელოსა და აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვართან სულ რამდენიმე კილომეტრით არის დაშორებული და სადაც მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქიდან, 30 000 -მდე სტუმარს ელოდებიან.