მთავარი პროკურატურა საქართველოს პრეზიდენტის განცხადებასთან დაკავშირებით, განმარტებას აკეთებს.
"საქართველოს პრეზიდენტის განცხადებასთან დაკავშირებით, საზოგადოების სრულად ინფორმირების მიზნით, გვსურს გავაკეთოთ მცირე განმარტება.
უპირველეს ყოვლისა, წუხილი გვინდა გამოვთქვათ იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს პრეზიდენტი შეცდომაშია შეყვანილი პროკურატურის დღევანდელ განცხადებასთან დაკავშირებით, თითქოსდა პროკურატურამ მოახდინა საიდუმლო მიმოწერის ამსახველი ინფორმაციის გასაჯაროება, რაც აშკარად არ შეესაბამება სინამდვილეს.
კიდევ ერთხელ გვსურს განვმარტოთ, რომ 2009-2013 წლებში სდსს-ისთვის გამოყოფილი საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივ ხარჯვასთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ამოღებული იყო სხვადასხვა დოკუმენტური მასალა, რომელიც შეეხებოდა ცხრა მილიონამდე ლარის ხარჯს, რომელიც სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნის შესაბამისად წარმოადგენს არამიზნობრივ ხარჯს.
ხსენებული საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივ ხარჯვასთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი თავის დროზე შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე არასწორად იყო დასაიდუმლოებული. შესაბამისად, პროკურატურამ მიმართა კონტრდაზვერვის დეპარტამენტს იმის გასარკვევად, შეიცავდა თუ არა აღნიშნული დოკუმენტები სახელმწიფო საიდუმლოებას. კონტრდაზვერვის დეპარტამენტის დასკვნის შესაბამისად არც ერთი აღნიშნული დოკუმენტი არ შეიცავდა სახელმწიფო საიდუმლოებას და გრიფი "საიდუმლო" იყო მინიჭებული არასწორად. აქედან გამომდინარე, სისხლის სამართლის საქმეს და მასში არსებული მასალების უმეტეს ნაწილს გრიფის მიმნიჭებელმა ორგანოებმა მოხსნეს გრიფი "საიდუმლო", დარჩენილი იყო მცირედი მასალა, რომელზეც გრიფის მოხსნა შედიოდა საქართველოს პრეზიდენტის კომპეტენციაში.
აქედან გამომდინარე, პროკურატურამ მიმართა პრეზიდენტის ადმინისტრაციას საიდუმლო გრიფის მოხსნის თაობაზე და გადაუგზავნა კონტრდაზვერვის დეპარტამენტის დასკვნაც.
წერილი პროკურატურის მიერ გაიგზავნა ორჯერ ამა წლის 12 ივლისს და 6 აგვისტოს, თუმცა მიუხედავად იმისა, რომ გამოძიებით დადასტურებულია, რომ გრიფი მინიჭებულია არასწორად, ხსენებულ დოკუმენტებს გრიფი არ მოხსნია.
აღნიშნულ საკითხზე, დღეს შედგა შეხვედრა უშუალოდ პროკურატურის ხელმძღანელობასა და პრეზიდენტს შორის.საქართველოს პროკურატურას მიზანშეუწონლად მიაჩნია საქართველოს პრეზიდენტთან სამართლებრივ პოლემიკაში შესვლა, თუმცა ვფიქრობთ, რომ მხოლოდ კონტრდაზვერვის დეპარტამენტის დასკვნაც საკმარისია იმის ხაზგასასმელად, რომ ამ შემთხვევაში სახელმწიფო საიდუმლოებასთან არ გვაქვს საქმე, რადგან საიდუმლო გრიფი თავის დროზე კანონის დარღვევით იყო მინიჭებული გარკვეული ინფორმაციისათვის, რომ იგი საზოგადოებისათვის დამალული ყოფილიყო.
საქართველოს პროკურატურას არანაირი საიდუმლო მიმოწერის ამსახველი დოკუმენტი არ გაუსაჯაროებია.
ჩვენ კიდევ ერთხელ გვსურს წუხილი გამოვთქვათ, რომ საქართველოს პრეზიდენტი შეცდომაშია შეყვანილი და მივესალმებით იმ ფაქტს, რომ საქართველოს პრეზიდენტმა მისივე განცხადების თანახმად დღეს მოხსნა საიდუმლო გრიფი, მართლმსაჯულების განსახორციელებლად აუცილებელ მნიშვნელოვან მტკიცებულებას."