"გურია ნიუსის" წყაროს ინფორმაციით, შსს ოზურგეთის რაიონული პოლიციის თანამშრომლებმა, ქალაქ ოზურგეთში მცხოვრები რამდენიმე მოქალაქე პოლიციაში დაიბარეს და საქართველოს დატოვება მოსთხოვეს.
"გურია ნიუსის" ინფორმაციით, ეს ადამიანები "შავი სამყაროს" წარმომადგენლებად აღიქმებიან. ისინი აქტიურად იყვნენ ჩაბმულნი წინასაარჩევნო პერიოდში.
აღნიშნული ინფორმაცია, “გურია ნიუსს“ ერთ-ერთმა მოქალაქემ მიაწოდა, თუმცა გვთხოვა სახელი და გვარი არ დაგვესახელებინა.
"პოლიციაში დამიბარეს გუშინ. მითხრეს, დატოვეს აქაურობააო, არავითარი მიზეზი, არავითარი განმარტება, უბრალოდ დამიკონკრეტეს 15 რიცხვამდე დატოვეთ საქართველოო. ეს ხდება მთელი საქართველოს მასშტაბით თუ მხოლოდ ოზურგეთში დაიწყეს ასეთი რამ, არ ვიცი, მაგის გარკვევა მინდა! ჯერ ვკითხულობ და ვარკვევ, რატომ ხდება."
_ კონკრეტულად ვისთან იყავით დაბარებული?
_ ქალაქის უფროსთან. ამ ინფორმაციას, თქვენ ჩემზე უფრო გაიგებთ, ჩემს გარდა 15 კაცს მიადგნენ კიდევ. ვართ ჩვეულებრივი ადამიანები, სახლში ვართ 24 საათის განმავლობაში, გარეთ მე არ გავდივარ და პოლიტიკაში მე არ გავრეულვარ. არ ვიცი, გვაინტერესებს ამათი პირადი ინიციატივაა თუ ზევიდან მოდის დავალება. მაინტერესებს გავარკვიო, სხვა ქალაქებში თუ ხდება მსგავსი რამ.
_ რას აპირებთ?
_ არ ვიცი, რა უნდა გითხრათ, 15 -ში დატოვე საქართველოო, სხვა მეტი არაფერი უთქვამთ, მე ვუთხარი ვერანაირად ვერ გავაკეთებ მაგას-მეთქი, წლის ბოლომდე მადროვეთ მეთქი.
_ თუ არ დატოვებთ რა მოხდება?
_თუ არ დატოვებ კი იცით რაც შეიძლება მოხდეს, დამიჭერენ ალბათ მეც და სხვებსაც.
"გურია ნიუსმა" აღნიშნული ინფორმაცია პოლიციაში გადაამოწმა, სადაც აღნიშნავენ, რომ მსგავსი ფაქტი არ მომხდარა და ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.
აღნიშნულ ინფორმაციას არც შსს-ს პრესსამსხაურში არ ადასტურებენ.