"ნელა, ყბა არ მომარტყათ, ნუ იცოხნებით!", "რა ოჯახში იზრდები?", "არაუშავს თქვენ თუ გამოცდას ვერ ჩააბარებთ, მე მეთორმეტში საათიც მექნება და ხელფასიც!" – ეს სასკოლო მარგალიტები სკოლის პედაგოგებს ეკუთვნის, რომელიც გურულმა მოსწავლეებმა შეაგროვეს და შემდეგ გამოფენა მოაწყვეს. ამჟამად ეს ფრაზები ოზურგეთის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრშია გამოფენილი.
"ბავშვთა უფლებები სკოლაში" – ამ ეგიდით "ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის" ბაზაზე არსებული "ლიდერთა სკოლის" მოსწავლეები ხშირად აწყობენ მსგავს ღონისძიებებს.
"ეს ფრაზები ჩვენი სკოლის მოსწავლეებმა ჩაიწერეს და შემდეგ გამოფენა მოაწყვეს. გურიაში, სკოლის პედაგოგები ასე მიმართავენ სკოლის მოსწავლეებს", _ გვითხრეს "ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის" ოფისში.
"გურია ნიუსი" გთავაზობთ ფრაზებს, რომელიც "ლიდერთა სკოლის" მოსწავლეების მიერ არის გავრცელებული.
"20 წელია სკოლაში ვასწავლი და მსგავსი ველურობის მნახველი არ ვარ!", "ცოტა ნელა იცინე, თორემ გლანდებს ვხედავ", "შენ დაბადებული არ იყავი მე რომ ქვეყანას ვანგრევდი", "რას დამდგარხარ წამსვლელი მაყარივით?", "სარკეში ჩაიხედე ადამიანს დაემსგავსე მაიმუნს, რომ გავხარ", "ნიშნებს კი ჩამოგიმწკრივებ, მარა იქინე რას იზამ იქინე?", "იცინეთ, იცინეთ, წლის ბოლოს მე გავიცინებ", "უფლებები ყველამ რომ იცით, მოვალეობებს მე მიტოვებთ?", "რატომ თავი არ დაგრჩა?", "ზარი მასწავლებლისთვის ირეკება", "გოგოები ბიჭებზე უარესები ხართ", "რაფერ შეიძლება იწვალო, დაწერო და დაგრჩეს?!", "ან შენ იქნები ამ სკოლაში, ან მე!", "საახალწლო ნაძვის ხეზე ჩამოგიკიდებ ორიანებს", "ამდენი აბდალი ერთ წელიწადს რაფერ დეიბადეთ?", "გაჩუმდი, თორემ ოთახიდან ცოცხლი ვერ გახვალ იცოდე!", "გაგბრდღვნი წიწილასავით და დაგაგდებ ტაფაზე!", "დაგახტები ენაზე და ამოგაძრობ!", "ახლა ხო გაქ ცხვირი? – გარეთ რომ გახვალ, აღარ გექნება!"