2014 წლის 1 სექტემბრიდან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო ყველა სახის სატრანსპორტო საშუალებისთვის ახალი დიზაინის სახელმწიფო სანომრე ნიშნების გაცემას დაიწყებს.
ახალი დიზაინის სანომრე ნიშნის მსურველ ყველა მოქალაქეს 2014 წლის 14 აგვისტოდან შესაძლებელობა ექნება სასურველი სერია და ციფრები, წინასწარ დაჯავშნოს შემდეგ საიტზე – www.sagency.ge.
თუმცა, აღსანიშნავია ისიც, რომ მითითებულ საიტზე დასაჯავშნი ნომრების ღირებულება 250 ლარიდან იწყება და არ აქვს მნიშვნელობა ის წყვილი რიცხვებისა და ასოების კომბინაცია იქნება, თუ არა.
"საიტზე ფასიანი ნომრების დაჯავშნა ხდება, რომლის ფასიც 250 ლარიდან იწყება და არ აქვს მნიშვნელობა იგი როგორი კომბინაციით იქნება შედგენილი, მაგრამ თუ მსურველი მივა მომსახურების სააგენტოში და სტენდზე გამოტანილ ნომერს აიღებს, ეს ეღირება 35 ლარი", _ განმარტავს "გურია ნიუსთან" საუბრისას შსს-ს მპრესსამსახურის წარმომადგენელი ნინო ცხადაძე.
იმ შემთხვევაში კი, თუ მოქალაქეს უკვე აქვს ფასიანი პრესტიჟული ნომერი, ახალი ნომრის ასაღებად, მხოლოდ 35 ლარის გადახდა მოუწევს.