ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა 29 აგვისტოს გაიმართა.
შესყიდვების სამსახურის უფროსმა მაია აფხაზავამ დეპუტატებს მიაწოდა ინფორმაცია, რომ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 19 აგვისტოს #1461 განკარგულებით, ცვლილება იქნა შეტანილი საქართველოს მთავრობის 2014 წლის 13 იანვრის #34 განკარგულებაში. აღნიშნული ცვლილების შესაბამისად, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტს დამატებით გამოეყო 187 072 ლარი. აქედან, 80 000 დაიხარჯება ჩოჩხათის ადმინისტრაციულ ერთეულში, გულიანიდან სუფსის სარკინიგზო გადასასვლელამდე გზის მოასფალტებისა და რკინა-ბეტონის არხის მოწყობის საპროექტო დოკუმენტაციის მომზადებისათვის, ხოლო 107 072 ლარი _ ნიგოითის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ ჯაპანაში წყალმომარაგების სისტემის მოწყობის სამუშაოების შესასრულებლად.
საკრებულოს დეპუტატის დარეჯან ბურჭულაძის თქმით, წინა საკრებულოს სხდომაზე 14 პროექტის დაფინანსება იგეგმებოდა:
_ ვითხოვ ახსნას, რას ნიშნავს ეს _ 14 პროექტი უნდა დაფინანსებულიყო, ახლა კი მხოლოდ ორ პროექტზეა საუბარი?! წინა სესიაზე ჩვენ დავამტკიცეთ 840 000 ლარი 14 პროექტისთვის. რიგგარეშე სხდომაზე კი ცნობილი ხდება, რომ მთავრობამ განიხილა და მხოლოდ ორი პროექტი გახორციელდება. ეჭვი მეპარება, ეს 12 პროექტი ამ წელიწადში გახორციელდეს. უნდა დაწყებულიყო ქვიანის ბაღის სარემონტო სამუშაოები, ჯიხეთის მონასტრის გზის სარემონტო სამუშაოები და ა. შ. _ თქვა ბურჭულაძემ.
მაია აფხაზავას განმარტებით, ამ ეტაპზე მხოლოდ ორი პროექტის დაფინანსება მოხდა:
_ მთავრობის სხდომაზე მხოლოდ ორი პროექტის დაფინანსება მოხდა. დანარჩენი პროექტის შესახებ მაქვს ინფორმაცია, რომ მიმდინარეობს განხილვა და ველოდები დამატებით ინფორმაციას თბილისიდან, _ ამბობს აფხაზავა.
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებლის ზაზა ურუშაძის თქმით, ფინანსთა სამინისტრომ ამ ეტაპზე ორი პროექტი დააფინანსა, რაც შეეხება დანარჩენ პროექტებს, ისინი ეტაპობრივად დაფინანსდება.
საკითხთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა საფინანსო სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა როლანდ ლაშხიამ: _ საფინანსო სამსახურს განსახილველად დაგვეწერა გამგეობის ინფრასტრუქტურისა და არქიტექტურის სამსახურის წერილი ბიუჯეტის 60 000 ლარით გაზრდის თაობაზე, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავარიული და დაზიანებული სახურავების სარემონტო სამუშაოების დასაფინანსებლად, ა(ა)იპ აგრო ბიზნეს ცენტრზე _ 1450 ლარის, ა(ა)იპ ლანჩხუთის სერვისის წერილობითი მოთხოვნა 30 000 ლარის, სკრინინგ ცენტრის წერილობითი მოთხოვნით სექტემბრის თვეში ჩასატარებელი ღონისძიებების დაფინანსებისთვის 5500 ლარის, გამგეობის ადმინისტრაციის უფროსის განმარტებითი ბარათით რელიგიის მხარდაჭერისთვის 5000 ლარის დამატებით გამოყოფის მიზნით და საკრებულოს ფრაქცია "თავისუფალი დემოკრატების" თავმჯდომარის ელგუჯა ჩხაიძის განცხადება მობილური ტელეფონისა და კომპიუტერის შეძენის თაობაზე, _ თქვა ლაშხიამ.
მისივე თქმით, მოთხოვნილი ხარჯებიდან საფინანსო სამსახურს შესაძლებლად მიაჩნია დაფინანსდეს რელიგიის მხარდაჭერის პროგრამა 5 000 ლარის ოდენობით, სკრინიგ ცენტრის _ 5500 ლარით, აგრო ბიზნეს ცენტრის _ 1450 ლარით, მობილური ტელეფონის შეძენის მიზნით ფრაქციას გამოეყოს 200 ლარი, სულ 12 150 ლარი.
_ ეს დაფინანსება გახორციელდება მუნიციპალიტეტის ოფისის ხარჯის 12150 ლარის შემცირების ხარჯზე, ხოლო, რაც შეეხება ავარიული და დაზიანებული სახლების სარემონტო სამუშაოებისთვის 60 000 ლარის გამოყოფას განხილული იქნეს ბიუჯეტში ფაქტობრივი შემოსავლის გათვალისწინებით, _ გვითხრა ლაშხიამ.
საკრებულოს სხდომაზე, ასევე, ცნობილი გახდა, რომ საფეხბურთო კლუბ "ლანჩხუთის გურიას" გადაეცემა სოფელ გრიგოლეთში მდებარე სპორტული ბაზა.