შსს-ს ოზურგეთის რაიონული პოლიციის სამხარეო სამმართველოში, 5 სექტემბერს ხალხმრავლობა იყო.
4 სექტემბერს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ლაითურში , 22 წლის მარიკა სარიშვილი დაიკარგა, რომელსაც ამ დრომდე უშედეგოდ ეძებენ.
მარიკა სარიშვილის ახლობლების თქმით, სამართალდამცავები ხშირად მათ ყურადღებას არ აქცევენ.
"ეს გოგო ხუთი წელია დაბა ლაითურში ცხოვრობს. ძალიან კეთილი და კარგი ადამიანია. მას ჰყავს ორი შვილი, ერთი ორი თვისაა და მეორე ორი წლის. პატარა ბავშვს ძლივს ვაწყნარებთ. ნამდვილად გატაცებული ჰყავთ. ოჯახის წევრებს უთხრეს პოლიციის თანამშრომლებმა, რომ 24 საათში მარიკას იპოვნიდნენ, მაგრამ, ჯერ არაფერი არ არის", _ გვიხრა მარიკა სარიშვილის მეზობლებმა.
5 სექტემბრის ღამის 22:30 წუთზე, “გურია ნიუსს“ მარიკა სარიშვილის ახლობელი ტელეფონით დაუკავშირდა.
"ამ წუთას პოლიციაში არავინ არ გვიშვებს და არც არანაირ ინფორმაციას გვაწვდიან."
ჩვენი მისვლის დროს, პოლიციაში მარიკა სარიშვილის ორი მეგობარი შეიყვანეს დასაკითხად. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, მარიკა სარიშვილი სავარაუდოდ გაიტაცეს.
"სამი დღის განმავლობაში, დაბა ლაითურში, "მერსედესის" მარკის მანქანა გამოჩნდა, რომელიც სხვა დროს არ შეგვიმჩნევია. მანქანის მძღოლმა ორ ჩვენს ნაცნობს შესთავაზა, რომ ქალაქ ოზურგეთისკენ თუ მიდიოდნენ, წაიყვანდა. გოგოებმა უარი უთხრეს და ისიც თავის გზაზე წავიდა. სავარაუდოდ, გვაქვს ეჭვი, რომ მარი ჩაჯდა ამ მანქანაში, რადგან მას დაბის რაფით არ უმგზავრია.
მარიმ დღის მეორე ნახევარში მოახერხა მოკლე ტექსტური შეტყობინების გაგზავნა მისი დედისთვის და დისთვის, მოგვიანებით კი სახლში დარეკვა, სადაც თქვა, რომ ის არის უგონოდ და შველას ითხოვდა. ეს ზარი, როგორც სამართალდამცველებისგან გავიგეთ, ბათუმიდან დაფიქსირდა", _ გვითხრა მარიკა სარიშვილის მეზობლებმა.