"ერთად შევქმნათ ციფრული ფოტომატიანე", _ ცოტა ხნის წინ, ამ გზავნილით საქართველოს პარლამენტის ეროვნულმა ბიბლიოთეკამ და "ჯეოსელმა" დაიწყეს პროექტი, რომლის მიზანია, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში გაფანტული ფოტომასალის მოძიება, მათი ციფრულ ვერსიაში გადაყვანა და დაარქივება.
საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, მრავალ ოჯახში არის გაბნეული უმნიშვნელოვანესი ინფორმაცია ფოტოებისა და სხვა დოკუმენტების სახით. ამ მასალის მოსაძიებლად პროექტის სამუშაო ჯგუფი ყველა რეგიონს მოივლის და ადგილზევე მოახდენს მასალის ციფრულ ვერსიაში გადაყვანას. ამ პროცესში მოსახლეობის აქტიურობას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება.
როგორც საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი გიორგი კეკელიძე ამბობს, "ციფრული ფოტომატიანე" მიზანად არ ისახავს მხოლოდ საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანების ფოტოების ციფრულ ფორმატში გადაყვანას. "ფოტომატიანე“ ერთგვარი მცდელობაა, რომ თითოეული ადამიანის ჩართულობით შეივსოს ის მნიშვნელოვანი დანაკლისი, რომელიც სხვადასხვა დროს, სხვადასხვა მიზეზების გამო ქართულ საზოგადოებას ჰქონდა.
"ციფრული ფოტომატიანეს" ჯგუფმა უკვე მოიარა კახეთი, ქართლი, რაჭა. 10-დან 13 სექტემბრამდე კი გურიას ესტუმრება.
პროექტში მონაწილეობის ყველა მსურველს შეუძლია ორგანიზატორებს დაუკავშირდეს ნომრებზე: (593) 914588, (577) 436478.