ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ აჭყვისთავის საბავშვო ბაღში მშობლებს გოგონები და ვაჟები დღეგამოშვებით დაჰყავთ.
ასეთი პროფილი საბავშვო ბაღმა იძულებით წელს შეიძინა. ამის მიზეზად სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების გამგე ნანი ჯაფარიძე ერთი საპირფარეშოს არსებობას ასახელებს.
როგორც ჯაფარიძე ამბობს, სამი საპირფარეშოდან მხოლოდ ერთი ფუნქციონირებს.
"ჩვენით შევიმუშავეთ ასეთი წესი, რომ ერთ დღეს გოგონები მიგვეღო, მეორე დღეს ბიჭები. ჯერჯერობით მორიგეობით დადიან, მაგრამ დღეს, მაგალითად, დღეს მშობლების უმრავლესობამ ბავშვები მოგვიყვანეს, დაგვიყარეს, რომ იტყვიან და წავიდნენ. თქვენ მოუარეთო. ზოგს პრობლემა აქვს სახლში“, _ აცხადებს ბაღის გამგე.
მისივე თქმით, შარშან გარემონტებულ შენობაში საკანალიზაციო სისტემა მოუწესრიგებელია. მისივე მტკიცებით, ფაქტის შესახებ მუნიციპალიტეტის გამგეობას ორი თვის წინ შეატყობინა.
"ეს პრობლემა დაახლოებით, ორი თვეა არის. ჩვენს ბარში სულ ორი საპირფარეშო მუშაობდა. რა თქმა უნდა, უჭირდა ფეკალურ მასებს გასვლა, მაგრამ ამ პრობლემის მოგვარებას მაინც რაღაცნაირად ვახერხებდით. ახლა ერთი საპირფარეშო მუშაობს“, _ აცხადებს ჯაფარიძე.
ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი აცხადებს, რომ ფაქტის შესახებ მედიისგან შეიტყო და საქმის პირად კონტროლზე აყვანას აპირებს.
"ბაღების გაერთიანებას ჰყავს დირექტორი, ია ხალვაში, მას მიმართეთ. ჩემთვის ამ ეტაპისთვის ფაქტის შესახებ უცნობია. რა თქმა უნდა, ცუდია, რომ ბავშვები ბაღში მორიგეობით დადიან, მაგრამ მე ამის შესახებ ინფორმაცია არ მქონდა. რა ზომებს გავატარებ მალე გაიგებთ“, _ აცხადებს ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი სულხან ევგენიძე.
ფაქტის შესახებ იციან მუნიციპალიტეტის ბაღების გაერთიანებაში. სადაც აცხადებენ, რომ ბაღის გამგეს თვითნებური გადაწყვეტილების მიღების უფლება არ ჰქონდა.
ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელის, ია ხალვაშის განმარტებით, მისი სამსახურის წარმომადგენლები ამ საბავშვო ბაღში რამდენიმე დღის წინ იმყოფებოდნენ და არსებული ვითარებაც შეისწავლეს.
"ჩვენ ამის შესახებ ინფორმაცია ხუთშაბათს მივიღეთ. ერთი პარასკევი დღე იყო დარჩენილი და გამგეს ვუთხარი, რომ ეს არ შეიძლებოდა. მაგრამ კარგად ვიცით, რომ ქალ-ვაჟის ტუალეტში ერთად შეყვანა არ შეიძლება. შევისწავლეთ მდგომარეობა, მივიღეთ სათანადო ზომები, რომ სასწავლო პროცესი არ შეფერხებულიყო. მაქსიმალურ ვადებში ვეცდებით ამ პრობლემის მოგვარებას“, _ აცხადებს ხალვაში.
დღეისათვის აჭყვისთავის საბავშვო ბაღში ერთი ჯგუფია, სადაც 33 ბავშვი ირიცხება.
ინფორმაციას 25-ე არხი ავრცელებს.