გუშინ გამოცემამ "The Independent" გაავრცელა ცნობა, რომ უახლოეს მომავალში ერთ-ერთ ბრიტანულ ვებ-გვერდზე გასაყიდად პოპულარული ჯგუფი "The Beatles"-ის წევრის, ჯონ ლენონის გიტარას გამოიტანენ.
ამ მუსიკალური ინსტრუმენტის სახელწოდებაა "Gretsch 6120".
მუსიკოსმა გიტარა 1967 წელს თავის ახლო ნათესავს, ვინმე დევიდ ბერჩს აჩუქა. ბატონი ბერჩი მაშინ 20 წლის ბრძანდებოდა და საკუთარი ჯგუფის ჩამოყალიბება სურდა.
ერთ-ერთ ნათესაურ შეხვედრაზე ახალგაზრდა დევიდმა უკვე სახელგანთქმულ მუსიკოსს ამ გიტარის მისთვის ჩუქება მოსთხოვა. ჯონმა ახალგაზრდა ახლობლის თხოვნა დააკმაყოფილა და "Gretsch 6120" ბერჩს გადასცა.
სამწუხაროდ დევიდ ბერჩმა მუსიკალური ჯგუფი ვერ შექმნა და ლენონის გიტარამ რამდენიმე ათეული წელი არშემდგარი მუსიკოსის საკუჭნაოში გაატარა.
მიმდინარე წელს ჯონ ლენონის ნათესავს ფინანსური პრობლემები შეექმნა და მდგომარეობის გამოსწორება რარიტეტული ნივთის გაყიდვით სცადა.
ბრიტანული მას-მედიის მტკიცებით, მიმდინარე წლის 14 ნოემბერს ისტორიული გიტარა ვებ-გვერდზე "TracksAuction" განთავსდება. მისი საწყისი ფასი ერთი მილიონი დოლარი იქნება.
ინტერნეტ აუქციონი 23 ნოემბერს დასრულდება და მასში "The Beatles"-ის ქართველ თაყვანისმცემლებსაც შეეძლებათ მონაწილეობის მიღება, რასაკვირველია იმ შემთხვევაში, თუ მინიმუმ ერთი მილიონი დოლარის გადახდის შესაძლებლობა ექნებათ.