ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია-დაბა ლაითურთან დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდი 2012 წელს დაინგრა. ორი წელია, რაც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ლაითურის მოსახლეობა ხიდის აღდგენას ითხოვს. ეს ხიდი ორ სოფელს ქალაქ ოზურგეთთანაც აკავშირებდა.
ოფიციალური დოკუმენტების საფუძველზე, ხიდის მშენებლობა 2013 წლის 19 სექტემბერს დაიწყო და 2014 წლის 1 მაისს უნდა დასრულებულიყო, თუმცა, ამ ეტაპზე შეჩერებულია. სამუშაოს სააქციო-საზოგადოება "ხიდმშენი" ასრულებს. მშენებლობას მუნიციპალური განვითარების ფონდი აფინანსებს.
ხელშეკრულების მიხედვით, რომელიც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობასა და სააქციო საზოგადოება "ხიდმშენს" შორის გაფორმდა, ხარჯთაღრიცხვის ღირებულებამ 2 335 578 ლარი შეადგინა.
"გურია ნიუსის" ინფორმაციით, "ხიდმშენმა" ხიდის მშენებლობა 1 მაისს ვერ დაასრულა და მას ვადები მუნიციპალიტეტის გამგეობამ 2014 წლის 1 ოქტომბრამდე გადაუწია, თუმცა, მშენებლობა, როგორც უკვე აღვნიშნეთ, შეჩერებულია.
მუნიციპალიტეტის გამგეობიდან გამოთხოვილი ოფიციალური დოკუმენტების საფუძველზე ირკვევა, რომ მშენებლობის შეფერხების მიზეზი არის უშუალოდ მშენებელი ორგანიზაცია "ხიდმშენი", რომელსაც ობიექტის დამთავრების ვადების დარღვევის გამო, 93 000 ლარის ჯარიმაც დაეკისრა.
დავით ნარმანიამ, როცა ის რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი იყო, ხიდის აღდგენასთან დაკავშირებით ოზურგეთში ყოფნისას 2013 წლის 31 მაისს ასეთი კომენტარი გააკეთა: "საქართველოს მთავრობის სხდომაზე გადაწყვეტილება უკვე მიღებულია და ეს პროექტი არის დაფინანსებული. ამ ეტაპზე ხდება პროექტირება, რომელიც რამდენიმე დღეში დასრულდება, რის შემდეგ გაივლის ექსპერტიზას და დაიწყება სამუშაოები".
2013 წელს იგივე თქვა რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მაშინდელი მინისტრის დავით ნარმანიას მოადგილემ თენგიზ შერგელაშვილმა. მან გურიის სამივე მუნიციპალიტეტის პირველ პირებთან სამუშაო შეხვედრაზე აღნიშნა, რომ შეჩერებული პროექტები გახორციელდებოდა: "ამ ხიდის საქმე ადგილობრივ თვითმმართველობას ეკუთვნის და ამის შესახებ წერილიც არის შემოსული სამინისტროში. აუცილებლად მიექცევა ყურადღება", _ თქვა მაშინ შერგელაშვილმა.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ყოფილი გამგებელი კოტე შარაშენიძე "გურია ნიუსთან" საუბრის დროს არაერთხელ აკონკრეტებდა, რომ ლაითურის ხიდის პრობლემის შესახებ პრემიერ-მინისტრიც იყო ინფორმირებული.
ლაითურის ხიდის შესახებ "გურია ნიუსი" რამდენჯერმე წერდა. საქართველოს პარლამენტის დეპუტატი ზვიად კვაჭანტირაძე აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ასეთ კომენტარს აკეთებდა:
"ბიძინა ივანიშვილის უმრავლესობასთან შეხვედრის დროს, ოზურგეთისთვის ორი გადაწყვეტილება იქნა მიღებული _ უპირველეს ყოვლისა, დაჩქარებული წესით აღსდგება ლაითურისა და მერიის დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდი. ამის შესახებ დავალებები უკვე გაცემულია", _ ამბობდა ზვიად კვაჭანტირაძე.
2014 წლის 2 თებერვალს კი კვაჭანტირაძეს ისევ ვესაუბრეთ ამ ხიდთან დაკავშირებით:
_ ბატონო ზვიად, თქვენ გააკეთეთ განცხადება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ლაითურისა და მერიის დამაკავშირებელი ხიდის მშენებლობის შესახებ. ორი სოფელი რამდენიმე წელია, ერთმანეთს მოწყვეტილია. როგორც აღნიშნეთ, მშენებლობა უნდა დაწყებულიყო. თუ მოიკითხეთ, რა მდგომარეობაა ამ მხრივ?
_ მაშინ გაიწელა პროცესი. სექტემბერში დამთავრდა ტენდერი, გამოვლინდა გამარჯვებული კომპანია. გეგმის მიხედვით უნდა დაეწყოთ სამუშაოები და დაემთავრებინათ. თავიდანვე პირველი ვიყავი, ვინც ეს საკითხი პრემიერთან დააყენა. როგორ ხდება და რა ხდება ცალკე პროცესია, რომელიც უნდა გაკონტროლდეს. თანხები გამოყოფილია და მას შესაბამისი ვადები აქვს. მართალი გითხრათ, ამ საკითხის შესწავლა დეტალურად არ მომითხოვია, მაგრამ ვნახავ აუცილებლად, რა ხდება, მოვიკითხავ.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ყოფილი პრესსამსახური 2014 წლის 23 იანვარს ოფიციალურად გვწერს:
"მერია-ლაითურის დამაკავშირებელი 150 მეტრის სიგრძის ხიდის მშენებლობის ხელშეკრულება ოზურგეთის მუნიციპალიტეტსა და შპს "ხიდმშენს" შორის 2013 წლის 19 სექტემბერს გაფორმდა. ხიდის მშენებლობისათვის გამოიყო 2 335 758 ლარი, საიდანაც პროექტირების თანხამ 30000 ლარი შეადგინა. ამ ეტაპზე ჩატარებულია დაზიანებული ხიდის დემონტაჟი და მიმდინარეობს ხიმინჯების ჩასხმის სამუშაოები. ხიდის მშენებლობა 2014 წლის აპრილის ბოლოს დასრულდება".
"გურია ნიუსი" დაბა ლაითურის ხიდის მშენებელი ორგანიზაციის _ "ხიდმშენის" აღმასრულებელი დირექტორს ჯიმი მამალაძეს დაუკავშირდა. მამალაძის თქმით, ამ ეტაპზე მშენებლობა შეჩერებული არ არის:
_ ამ წყალდიდობებზე შევჩერდით ცოტა, _ ამბობს ჯიმი მამალაძე.
_ ბატონო ჯიმი, რატომ მიმდინარეობს ხიდის მშენებლობა შეფერხებით?
_ შეფერხების მიზეზი ძალიან ბევრია _ 150 მეტრი ხიდის მშენებლობას ბევრი დრო _16 თვე სჭირდება. შეცდომაა პროექტში და ტენდერის გამოცხადების დროს, რაც ჩვენი დაუკვირვებლობის ბრალიცაა. ყინვებმა და დიდთოვლობამაც შეაფერხა სამუშაოები. წლის ბოლოს დასრულდება მშენებლობა. ჯარიმაც არასწორად დამეკისრა, მაგრამ მაინც წავედით ამაზე. ახლა ძალიან გთხოვთ, უჩემოდ არაფერი არ დაწეროთ, არ არის საჩქარო ეგ თემა. ორშაბათს ჩამოვალ და სხვა მიზეზებზეც უფრო კონკრეტულად გესაუბრებით.
_ ერთი მიზეზი მაინც გვითხარით…
_ მიზეზი ბევრია, ასე რომ ჩამოვთვალო, მთელი გაზეთი არ გეყოფათ. ასე ვერ გეტყვით, ამას ჩამოყალიბება უნდა, _ გვითხრა ჯიმი მამალაძემ.
ჩვენ შევეცადეთ, გაგვეგო, ხიდის მშენებლობასთან დაკავშირებით არის თუ არა საქმის კურსში გურიის გუბერნატორი, უწევს თუ არა ზედამხედველობასა და მონიტორინგს მშენებლობებს და რა რეაგირება ხდება მისი მხრიდან. ამ კითხვებზე პასუხები გუბერნატორის პრესსამსახურმა მოგვაწოდა: "გუბერნატორი ნამდვილად არის საქმის კურსში ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მიმდინარე მშენებლობებთან დაკავშირებით. გუბერნატორი ნებისმიერ ამგვარ თემებს ადევნებს თვალყურს. მოგეხსენებათ, რომ შპს კომპანია "ხიდმშენი" დაჯარიმდა.
რა თქმა უნდა, გუბერნატორი უწევს მონიტორინგს, კონტროლს და ზედამხედველობას ნებისმიერ საკითხს. თუ კომპანია დაჯარიმდა და მშენებლობა შეჩერდა, ესე იგი, მან დაკისრებული მოვალეობის პირნათლად შესრულება ვერ შეძლო".
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობა აღნიშნულთან დაკავშირებით ასეთ კომენტარს აკეთებს:
"ადგილობრივი თვითმმართველობის მხრიდან არ ყოფილა არანაირი ხელშეშლა, პირიქით, როცა საჭირო გახდა, დამატებითი ტექნიკითაც დავეხმარეთ. ასე რომ, ეს, მხოლოდ და მხოლოდ, მშენებელი კომპანიის არასწორი მენეჯმენტის ბრალია. მიზეზები შეგიძლიათ გადაამოწმოთ უშუალოდ სს "ხიდმშენის" ხელმძღვანელობასთან.
"მერია-ლაითურის დამაკავშირებელი ხიდის მშენებლობას 2013 წლის 9 სექტემბრიდან სააქციო საზოგადოება "ხიდმშენი" ახორციელებს. პროექტის ღირებულება 2 335 758 ლარს შეადგენს. კომპანიას სარეაბილიტაციო სამუშაოები 2014 წლის 1 მაისს უნდა დაესრულებინა, თუმცა, შემსრულებლებმა ვერ მოახერხეს განსაზღვრულ ვადებში ჩატევა და აღნიშნულმა ვადამ, ამა წლის 1 ოქტომბრამდე გადაიწია. კომპანია მშენებლობის ვადის დარღვევისთვის 93 000 ლარით დაჯარიმდა. ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოებს მუნიციპალური განვითარების ფონდი აფინანსებს. მშენებლობის შეფერხების მიზეზი არის, უშუალოდ, მშენებელი ორგანიზაცია სააქციო საზოგადოება "ხიდმშენი", _ აღნიშნულია პრესსამსახურის მიერ მოწოდებულ ოფიციალურ პასუხში.
"გურია ნიუსის" წყაროს ინფორმაციით, მსგავსი პრობლემის წინაშე დგას ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კონჭკათისა და მერიის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის მშენებლობა _ გზის მშენებლობა უნდა დაწყებულიყო 2014 წლის 20 მაისს და უნდა დამთავრებულიყო 2014 წლის 20 სექტემბერს. ხელშეკრულება #176 ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობასა და სამშენებლო ორგანიზაციას "მშენ-გროუფთან" 2014 წლის 20 მაისს გაფორმდა. საავტომობილო გზის მშენებლობა ამჟამად შეჩერებულია.
აღნიშნულ და ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მიმდინარე თუ შეჩერებულ სხვა მშენებლობებთან დაკავშირებით, "გურია ნიუსი" მკითხველს სისტემატურად მიაწვდის ინფორმაციას.