"დღეს ჩემმა მეგობარმა ბროშურა მაჩვენა – "ქობულეთის მუნიციპალიტეტი", რომელიც მომზადებულია აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის მიერ 2013 წელს. ქობულეთის მუნიციპალიტეტში არსებულ კულტურულ ძეგლთა შორის მოიხსენიება ლიხაურის თემში შემავალი აჭის წმ. გიორგის მონასტერი და მოცემულია შესაბამისი სურათიც. როგორაა ჩვენი საქმე თუ იცით?", _ ასეთი შინაარსის კომენტარს სოციალურ ქსელში ოზურგეთელი, თამარ ღლონტი აქვეყნებს.
მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს ყველას ახსოვს, როდესაც შეკვეთილში (ოზურგეთის მუნიციპალიტეტი) პარკი “ციცინათელა“ გაიხსნა, ხშირად ამბობდნენ, რომ ეს პარკი ქობულეთის მუნიციპალიტეტს ეკუთვნოდა. ასევე, ხშირად მსჯელობენ აჭის დედათა მონასტერი ოზურგეთის მუნიციპალიტეტს ეკუთვნის თუ ქობულეთის.
"გურია ნიუსი" აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარის თანაშემწეს, სოფო გუჯაბიძეს დაუკავშირდა. მან ბროშურასთან დაკავშირებით შემდეგი სახის კომენტარი გააკეთა:
_ ქობულეთის მუნიციპალიტეტში აისახა ის ღირშესანიშნაობები, რომელიც ტურისტს შეუძლია მოინახულოს. ბროშურაში შესულია ისეთი მნიშვნელოვანი ძეგლი, როგორიც აჭის მონასტერია. ეს ძეგლი ადმინისტრაციულად არ ეკუთვნის ქობულეთს, მაგრამ შეიძლება მოიაზრებოდეს ახლომდებარე ღირშესანიშნაობად, რომელიც ქობულეთში ჩასულ ტურისტს შეუძლია მოინახულოს.
_ თუ იყო საუბარი, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტიდან სხვა ღირშესანიშნაობები მოხვედრილიყო?
_ არა. აჭის მონასტერი ყველაზე ახლოს არის ქობულეთის მუნიციპალიტეტთან და ამიტომაა შეყვანილი ბროშურაში. პირიქით პოპულარიზაცია გავუწიეთ კონკრეტულ ძეგლს. თუ საზოგადოების მოთხოვნა იქნება, ახალი ტირაჟის გამოცემისას, შესაძლებელია ამოვიღოთ აჭის მონასტრის შესახებ ინფორმაცია ბროშურიდან.
_ ბოლო პერიოდში, ხშირად საუბრობენ, რომ აჭი და შეკვეთილში მდებარე “ციცინათელა“ ეკუთვნის ქობულეთის მუნიციპალიტეტს და აქედან გამომდინარე აინტერესებს საზოგადოებას რა ხდება…
_ ტურიზმის დეპარტამენტი, ტურიზმის განვითარებაზე და წარმოჩენაზე ზრუნავს. ახლომდებარე მნიშვნელოვანი ძეგლი იყო და ამიტომ არ შეგვეძლო არ შეგვეყვანა ბროშურაში. არსად არ წერია იქ, რომ აჭარას ეკუთვნის.
_ იქ წერია, რომ ბროშურა არის ქობულეთის მუნიციპალიტეტზე…
_ ეს ბროშურა არის ქართულ ენოვანი და შიდა ტურისტზე არის გათვლილი. რაც შეეხება ადმინისტრაციულ საზღვრებს, ამ საკითხზე მე ვერ გიპასუხებთ.