ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდულ საქმეთა, ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომაზე, 2015 წლის ბიუჯეტის განხილვის დროს, საცხენოსნო კლუბ "მარულას" შესახებ დაისვა საკითხი. კომისიის თავმჯდომარე ლელა საჯაია ამბობს, რომ კარგი იქნებოდა, თუ "მარულას" დირექტორი წარმოადგენდა პროექტებს. საჯაიას ცხენების კვებაზე ფულის გამოყოფა არამიზნობრივად მიაჩნია.
_ ბიუჯეტის პროექტით, 39 000 ლარით უნდა დაფინანსდეს "მარულა". მინდა, რომ უშუალოდ მოვიწვიო "მარულას" დირექტორი _ ველოდები მისგან იმ პროექტების შესახებ ინფორმაციას, რომელიც უნდა განახორციელოს ამ ფულით. პირადად მე, ნამდვილად არ მიმაჩნია მართებულად, მძიმე სოციალურ ფონზე, "მარულა" დავაფინანსოთ იმ თანხით. თუ კი დირექტორი წარმოადგენს მნიშვნელოვან პროექტს, რომელიც ფართო მასშტაბებზე იქნება გათვლილი და არა მხოლოდ დოღზე, კარგი იქნება. ვისურვებდი, რომ ბავშვებისთვის იყოს კონკრეტული პროგრამები, ასევე, ცხენის გაქირავების საშუალება თუ იქნებოდა ჩასმული, მივესალმები, ცხენები ვარჩინოთ მხოლოდ იმისთვის, რომ წელიწადში ერთხელ ან ორჯერ დოღზე გამოიყვანონ, ეს მგონი არასწორი იქნება. მესმის, ძალიან პერსპექტიული სპორტია და აქედან გამომდინარე, გვინდა, რომ შევხვდეთ დირექტორს, _ გვითხრა ლელა საჯაიამ.
"მარულას" დირექტორის მერაბ გორგასლიძის თქმით, კლუბში ამჟამად 6 ცხენი და ერთი კვიცი ჰყავთ.
_ წინა წელს გვქონდა 30 000 ლარი და შემდეგ კიდევ დაგვიმატეს. "მარულაში" ოთხი შტატია. საჭმელს სამჯერ აჭმევენ ცხენებს, ასუფთავებენ, ავარჯიშებენ და ყველაფერს აკეთებენ, რაც საქმეს სჭირდება. თითოეული თანამშრომლის ხელფასი 200 ლარია, მე კი 300 ლარი მაქვს ხელფასი. ტრენერიც მე ვარ, ვეტ-ექიმიც და უფროსიც. ერთი დოღის ცხენი არის ნაყიდი, სამჯერ გვყავდა დოღზე _ ორჯერ მოიგო და ერთხელ წააგო. სადაც ვიასპარეზეთ, ყოველთვის კარგი შედეგებით ჩამოვედით.
იყვნენ ჩემთან მოსულები ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ ჭანუყვაძე, ქალაქ ოზურგეთის მერი ბეგლარ სიორიძე და ვისაუბრეთ. მათ ვუთხარი, რომ 44 000 ათასი ლარი წელიწადში არის ის თანხა, რომელიც გვჭირდება და აუცილებლად დაიდება შედეგი. თუ იქნება 20 000 ლარი, მაშინ ეს ფული ჭამისთვის არის მხოლოდ საკმარისი _ ერთ კილოგრამი შვრია 1 ლარი და 30 თეთრი ღირს, ცხენს დღეში 6-7 კგ. მაინც უნდა აჭამო. მაგალითად, თბილისში, იპოდრომზე, ერთი ცხენის შენახვა 560 ლარი ჯდება თვეში. ზოგს ცხენი ჰგონია ძუა, ფაფარი და ოთხი ფეხი _ არ არის ასე. არ გვინდა, არ გვინდაო, რომ ამბობენ, იქნებ, ამიხსნან, ვის არ უნდა? არ უნდა იმას, ვინც ნამყოფი არ არის აქ და არ იცის, რა ხდება, _ გვითხრა მერაბ გორგასლიძემ.
გავრცელებული ინფორმაციით, მერაბ გორგასლიძე ცხენების თივით ძროხებსაც კვებავს. ამ ინფორმაციას, გორგასლიძე ჭორს უწოდებს:
_ ერთი ძროხა მყავს სახლში და ინფორმაცია, რომელიც გავრცელდა, არასწორია. მე ჩემს ძროხას მშიერს ხომ არ მოვკლავ? მოვიდნენ და შეამოწმონ. არავის არაფერი მინდა, ჩემს ძროხას მე თვითონ ვარჩენ, _ თქვა გორგასლიძემ.