დეკანოზმა მირიანმა (ფირცხალაიშვილი ) ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში შექმნილი საკონკურსი/საატესტაციო კომისია დატოვა. ამის შესახებ განცხადება კომისიის თავმჯდომარემ, გელა კილაძემ G-News TV-ის გადაცემაში "კვირის თემა" რამდენიმე წუთის წინ გააკეთა. კილაძის თქმით, მამა მირიანმა ეს გადაწყვეტილება ატეხილი აჟიოტაჟის გამო მიიღო:
_ ვეკითხები იმ ადამიანებს, რომლებიც ამ თემაზე განცხადებებს აკეთებდნენ და ამბობდნენ, რომ სასულიერო პირის კომისიაში ყოფნით მათი უფლებები ირღვეოდა _ ახლა ვისი უფლებებია დარღვეული, მათი თუ მამა მირიანის? _ აღნიშნა კილაძემ.
გადაცემის ნახვა, ჩვენს ვებგვერდზე მაყურებელს დღეს, 7 საათზე შეეძლება. ამავე გადაცემიდან გაიგებთ, რატომ არის წინააღმდეგი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი გასაუბრებაზე მედიის დასწრების, რატომ შექმნეს ლანჩხუთში ორი კომისია, რა მოლოდინი გაუცრუვდა ჩოხატაურის ხელისუფლებას და რა პროცესების გავლა მოუწევთ გასაუბრების ეტაპზე გადასულ კონკურსანტებს.
გადაცემის სტუმრები არიან საკონკურსო/საატესტაციო კომისიის თავმჯდომარეები: ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელი ზაზა ურუშაძე, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გელა კილაძე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ ჭანუყვაძე და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე მინდია ჟღერია.