"გურია ნიუსის" ინფორმაციით, გურიის გუბერნატორის პოსტზე ვოვა არობელიძის კანდიდატურა განიხილება. არობელიძე, რომელი ჟურნალისტ ნანა ლეჟავას მეუღლეა, ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ ამის შესახებ მასთან საუბარი არავის ჰქონია:
_ ამასთან დაკავშირებით ვერაფერს გეტყვით. ჯერჯერობით მსგავსი შემოთავაზება არ ყოფილა.
_ ჯერჯერობით?
_ ხო, რადგან თუკი ვინმე ჩემს კანდიდატურას განიხილავს მეც უნდა ვიცოდე. მე კი, მსგავსი რამ არ ვიცი და პირველად თქვენგან გავიგე, _ გვითხრა არობელიძემ.
აღნიშნული ინფორმაციის გადამოწმებას ჩვენ პრემიერის პრესსამსახურშიც შევეცადეთ, თუმცა გვითხრეს, რომ ინფორმაციას არ ფლობენ და ჯერჯერობით ამ საკითხზე გადაწყვეტილება არ არის მიღებული.
"გურია ნიუსის" ინფორმაციით გურიის გუბერნატორის პოსტზე გია ცეცხლაძის კანდიდატურაც განიხილებოდა, თუმცა ამ უკანასკნელმა უარი თქვა:
_ ვერაფერს დაგიდასტურებთ. მსგავსი შემოთავაზება არ მიმიღია, _ გვითხრა ცეცხლაძემ, რომელიც წლების წინ გურიის გუბერნატორის, ჟანი კალანდაძის თანაშემწე იყო და ამჟამად საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში მუშაობს.
შეგახსენებთ რომ გურიის გუბერნატორის პოსტი 5 დეკემბერს გათავისუფლდა. გიორგი ჩხაიძემ თანამდებობა საკუთარი სურვილით დატოვა.