ნაციონალური მთავრობის დროს ქიბარ ხალვაშისთვის ჩამორთმეული ქონების მცირედი ნაწილი, არაოფიციალური ინფორმაციით, ლანჩხუთშიც მოხვდა.
კერძოდ, რამდენიმე წლის წინ "ფორდ-ტრანზიტი" ა(ა)იპ "აგრო-ბიზნეს ცენტს" გადაეცა, ხოლო ა(ა)იპ "ლანჩხუთი-სერვისს" – "ივეკოს" სატვირთო. თუმცა, მთავრობის შეცვლამ ბევრი რამ შეცვალა ქვეყანაში და როგორც აღმოჩნდა, ხალვაშიც ცდილობს შეაგროვოს მისი ქონება.
ჩვენი ინფორმაციით, გასულ სამშაბათს, ლანჩხუთში ფინანსური პოლიციის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ ზემოაღნიშნული ფაქტის შესასწავლად, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობასაც შეხვდნენ და ლანჩხუთში გადმომისამართებულ ხალვაშის ქონებასაც ფოტოები გადაუღეს.
ინფორმაციაში დეტალურად გარკვევისთვის ჩვენ გამგეობის ქონების მართვის განყოფილების ხელმძღვანელს ვახტანგ შალიკაშვილს დავუკავშირდით, რომელმაც კომენტარის გაკეთება არ ისურვა და თავის მხრივ გამგეობის საზოგადოებასთან და პრესასთან ურთიერთობის განყოფილების გამგესთან, მაკა სულაბერიძესთან გადაგვამისამართა, რომელმაც დაგვიდასტურა, რომ ფინანსური პოლიცია მართლაც დაინტერესებულია აღნიშნული ფაქტით, თუმცა მათ მიერ გამგეობაში მოძიებული დოკუმენტაციით გაურკვეველია თუ ვინ და საიდან გადმოსცა მუნიციპალიტეტს ეს ორი მანქანა.