გასულ ხუთშაბათს ლანჩხუთის საკრებულოს ბიუროს სხდომაზე გარკვეული პოლემიკა წარმოშვა მომავალი წლის ბიუჯეტის პარამეტრებში ცვლილების განხორციელების საკითხმა.
ყველაზე მეტი კამათი, რელიგიის მხარდაჭერის მუხლმა გამოიწვია. საქმე ისაა, რომ ამ მუხლში ბიუჯეტის პირვანდელ ვარიანტში 15 ათასი ლარი იყო გათვალისწინებული და კორექტირების შედეგად, კიდევ 10 ათასი დაემატა.
თუმცა, ფრაქცია "ქართული ოცნება-მრეწველების" თავმჯდომარე კახა გუჯაბიძის თქმით, ეს თანხა საკმარისი არაა.
"წინა ხელისუფლების დროს რელიგია 70 ათასი ლარით ფინანსდებოდა და ჩვენ თანდათან ვაკლებთ თანხებს და უკან-უკან მივდივართ, რატომ არ მესმის. შარშანდელზე არაფერს ვამბობ, წელს რომ იყო იმდენი მაინც არ უნდა გავითვალისწინოთ? რა გჭირთ ხალხნო, მონათლულები არ ხართ თუ რა ხდება ვერ გავიგე", _ აღნიშნა გუჯაბიძე.
დეპუტატს ამ საკითხში მთავარ ოპონენტად გამგებლის პირველი მოადგილე, ვახტანგ ზენაიშვილი მოევლინა, რომელმაც ჩვეული პირდაპირობით გააპროტესტა რელიგიისთვის თანხის გამოყოფა.
"რა დამატებაზეა საუბარი, ბიუჯეტი რელიგიას საერთოდ არ უნდა აფინანსებდეს, ეს საპატრიარქოს პრეროგატივაა. ჩვენ განათლების, კულტურის, სპორტის და სხვა სფეროების პროგრამები უნდა დავაფინანსოდ, ჩახედეთ კანონში, რაა ჩვენი ექსკლუზივი და მერე ისაუბრეთ. საკრებულოში რომ მოდიხართ თქვე დალოცვილებო, კანონი არ უნდა იცოდეთ"? -განაცხადა ზენაიშვილმა და სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა.