ლანჩხუთის საკრებულოს ბიუროს სხდომაზე მუნიციპალიტეტის განვითარების 2015-17 წლების სტრატეგიული გეგმის დამტკიცების შესახებ მსჯელობისას, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ხელაძემ, აღნიშნულ გეგმაში გრიგოლეთის საფეხბურთო საწვრთნელი ბაზის რეაბილიტაციის საკითხის შეტანის წინადადება დააყენა, რასაც დეპუტატთა მხრიდან არაერთგვაროვანი შეფასება მოჰყვა. განსაკუთრებით, საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო, იურიდიულ საკითხთა და ეთიკის კომისიის თავმჯდომარე რომან ბიწაძე აქტიურობდა.
"ბაზის რეაბილიტაციის თანხაზე საუბარიც კი აბსურდია", _ თქვა ბიწაძემ, რომელსაც არ დაეთანხმა გიორგი ჩახვაძე: "ვერ გამიგია, მაშინ რატომ ვხარჯავთ მილიონებს კლუბისთვის, თუ ბაზა არ გვინდა. მე მიმაჩნია, რომ საკრებულოში ჩემს ოთხწლიან მოღვაწეობას ფასი მხოლოდ მაშინ ექნება, თუ გრიგოლეთის ბაზას გავაკეთებთ. ყველაფერი უნდა ვიღონოთ, ეს საქმე ბოლომდე რომ მივიყვანოთ", _ დასძინა ჩახვაძემ.
აღსანიშნავია, რომ ბაზის საკითხი აქამდეც აქტუალური იყო საკრებულოში და საკრებულოს ერთ-ერთ სხდომაზე, დეპუტატმა აკაკი იმნაიშვილმა კატეგორიულად მოითხოვა კიდეც ამ თემის მოგვარება, რასაც გამგებელთან კამათი მოჰყვა.
ამასობაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბაზით, კახი კალაძის სავარაუდო დაინტერესების შესახებ. რომლის ბანკისადმი დავალიანება მუნიციპალიტეტს საურავების სახით სულ უფრო ეზრდება და ეჭვიც აქედან გამომდინარეა გაჩენილი. ამბობენ, ბანკის ვალის გადახდაც ამ მოტივით ჭიანურდება.
ცნობისთვის, 2015 წლის ბიუჯეტის პროექტში, აღნიშნული ვალების სრულად დასაფარად 400 ათასი ლარია დაგეგმილი, მაგრამ, როგორც ზაზა ურუშაძემ ბიუროზე განაცხადა,
"მომავალ წელს გამგეობა ეცდება, ვალის მხოლოდ პროცენტის გადახდაზე დაითანხმოს ბანკები, რადგან სრულად თანხის დაფარვა დიდ დარტყმას მიაყენებს კლუბის ბიუჯეტს".