საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ცენტრალურმა აპარატმა, 2011-2012-2013 წლებში, მივლინებებში 1 მილიონ 183 ათასი ლარი გახარჯა.
ამის შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ეფექტიანობის აუდიტის დასკვნაშია აღნიშნული.
დასკვნის მიხედვით, სამინისტრომ 2011 წელს ქვეყნის შიგნით – 112.9 ათასი ლარი, ქვეყნის გარეთ – 247.6 ათასი ლარი გაიხარჯა; 2012 წელს, ქვეყნის შიგნით -122.5 ათასი ლარი, ქვეყნის გარეთ კი, 261.3 ათასი ლარი დაიხარჯა; 2013 წელს კი, აუდიტის დასკვნის მიხედვით, სამინისტრომ ქვეყნის შიგნით -54.0 ათასი ლარი, ქვეყნის გარეთ კი, 384.9 ათასი ლარი დახარჯა.
აუდიტის დასკვნაში ასევე აღნიშნულია:
"მივლინების ხარჯების შემოწმების შედეგად გამოვლინდა, რომ ქვეყნის შიგნით მივლინების შესახებ ბრძანებებში ხშირ შემთხვევაში არ არის წარმოდგენილი მივლინების მიზანი და მითითებულია ზოგადი მოტივი "სამსახურეობრივი აუცილებლობიდან/საჭიროებიდან გამომდინარე“.
სამინისტროს ცენტრალურ აპარატში ფუნქციონირებს აღრიცხვის შიდა ელექტრონული სისტემა. აღნიშნულ სისტემაში შესაბამისი პირი აფიქსირებს მივლინების მიზანს. მივლინების შესახებ ბრძანება დგება ელექტრონულ სისტემაში დაფიქსირებული ინფორმაციის მიხედვით, შესაბამისად ბრძანებაში ზოგადი შინაარსის არსებობა გამოწვეულია პროგრამის არასრულყოფილი შევსებით. ქვეყნის შიგნით მივლინებებთან დაკავშირებით არ არის წარმოდგენილი მოხსენებითი ბარათები/ანგარიშები, სადაც დაფიქსირებული იქნება სამსახურეობრივი აუცილებლობიდან გამომდინარე თუ რა სამუშაოები/დავალებები იქნა შესრულებული მივლინებული პირის მიერ. შესაბამისად დაუსაბუთებელია მივლინების აუცილებლობა და საჭიროება“, _ ნათქვამია სახელმწიფო აუდიტის დასკვნაში.