საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო მწუხარებას გამოთქვამს საფრანგეთში მომხდარი ტერორისტული თავდასხმის გამო და თანაგრძნობასა და სოლიდარობას უცხადებს დაღუპულთა ახლობლებსა და კოლეგებს, საფრანგეთის საელჩოს საქართველოში და ფრანგ ხალხს.
7 იანვარს, ჟურნალ Charlie Hebdo-ს რედაქციაზე შეიარაღებული თავდასხმის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა, 11 კი დაშავდა. დაღუპულებს შორის არიან ჟურნალის თანამშრომლები და პოლიციელები.
მედიის ცნობით, თავდასხმა ყოველკვირეული სატირული ჟურნალის მიერ "ტვიტერზე" "ისლამური სახელმწიფოს" ლიდერის აბუ ბაკრ ალ-ბაღდადის კარიკატურის გამოქვეყნებას მოჰყვა. ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო მიიჩნევს, რომ დემოკრატიულ სახელმწიფოში დაცული უნდა იყოს როგორც მედიის, ისე თითოეული ადამიანის სიტყვისა და გამოხატვის ფუნდამენტური უფლება.
საფრანგეთში მომხდარი თავდასხმა ეს არის დემოკრატიული საზოგადოების წინააღმდეგ მიმართული შემაძრწუნებელი აქტი, რომლის მიზეზიც არის ფუნდამენტალიზმი და არა რომელიმე ეროვნება ან რელიგიური კუთვნილება. საბჭო მიმართავს ქართულ მედიასა და საზოგადოებას, საფრანგეთში მომხდარი ტერორისტული თავდასხმის ავტორებს ნუ გააგიგივებენ მუსლიმ ხალხთან, კიდევ ერთხელ გამოხატავს საკუთარ პატივისცემას საქართველოს მუსლიმი მოქალაქეებისადმი და ხაზს უსვამს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მსოფლიოში, ისევე, როგორც ჩვენს ქვეყანაში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების დაცვა.