დღეს, პარიზში ტერაქტის მსხვერპლთა ხსოვნის პატივსაცემად დაგეგმილი აქცია გაიმართება. როგორც საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ბერნარ კაზნევმა განაცხადა, აქციისთვის განსაკუთრებული უსაფრთხოების ზომები მიიღეს – მობილიზებული იქნება 5 500 სამართალდამცავი და სამხედრო. ასევე, სნაიპერები.
აქციაში მონაწილეობას მიიღებენ საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი და 40-ზე მეტი ქვეყნის პირველი პირი, მათ შორის: გერმანიის კანცლერი ანგერლა მერკელი, გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი დევიდ ქემერონი და უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო.
ერთობის მარშში მონაწილეობის სურვილი გამოთქვეს ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ და პალესტინის ავტონომიის ლიდერმა მაჰმუდ აბასმა. რუსეთის დელეგაციას პარიზში დაგეგმილ აქციაზე საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი წარმოადგენს. სოლიდარობის აქციაში ასევე მონაწილეობას მიიღებენ ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი, ევროკომისიის თავმჯდომარე ჟან-კლოდ იუნკერი და ევროპარლამენტის პრეზიდენტი მარტინ შულცი, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ფედერიკა მოგერინი და სხვ.
პარიზში, დღეს, ევროპელი ლიდერების მონაწილეობით დაგეგმილ ერთიანობის მხარდასაჭერ მარშს, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილიც დაესწრება.