სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ჯგუფის მიერ ჩატარებული წინასწარი აუდიტორული პროცედურებით, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის შიდა კონტროლის სისტემა შეფასდა, როგორც სუსტი. შესაბამისად, ოპერაციების ფინანსურ ანგარიშგებაში აღრიცხვის უზუსტობის რისკი განისაზღვრა, როგორც – მაღალი.
დასკვნაში აღნიშნულია, რომ 2012-13 წლების ფინანსურ ანგარიშგებაში არსებითი უზუსტობებია.
ფანქრით შევსებული საბუთები, წაშლილი მონაცემები, არასრულყოფილად აღწერილი სამუშაოები, ხარვეზები ბუღალტრულ აღრიცხვებში, არასრული დოკუმენტაცია _ ეს ის თემებია, რომელზეც სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ყურადღება გაამახვილა და რომელზეც ჩვენი გაზეთი წლებია წერს.
აღნიშნული დასკვნა, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ჯერ არ განუხილავს. ჯერჯერობით უცნობია დაინტერესდება თუ არა პროკურატურა ფანქრით შევსებული და შემდეგ წაშლილი მონაცემებით. მით უმეტეს, რომ ადამიანები, რომლებიც ბუღალტრულ აღრიცხვას ფანქრით აწარმოებდნენ დღესაც მუნიციპალიტეტის გამგეობაში მუშაობენ. მართალია, საფინანსო სამსახურის უფროსი, ზურაბ ჩანტლაძე აღარ არის, თუმცა, ამ უკანასკნელს ხალხის რჩეულმა გამგებელმა ირაკლი კუჭავამ შიდა აუდიტის სამსახური ჩააბარა. არადა, სახელმწიფო აუდიტმა სწორედ მის მიერ წარმოებულ, მის დაქვემდებარებაში მყოფ სამსახურზე საკმაოდ სკანდალური დასკვნა დადო.
ირაკლი კუჭავა ამბობს, რომ "უახლოეს ხანში მუნიციპალიტეტის მიერ შეძენილი იქნება სპეციალური ელექტრონული პროგრამა, რომელიც გამორიცხავს ნაკლოვანებებს ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგებაში"
_ გავეცანი სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ ჩატარებული შემოწმების აქტს. შემოწმების შედეგად აღმოჩნდა, რომ ორგანიზაციას არ აქვს ფინანსური ანგარიშგების მოსამზადებლად საჭირო პროგრამული უზრუნველყოფა. ბუღალტერიაში აღრიცხვა-ანგარიშგება წარმოებს ხელით, მემორიალური ორდერებისა და ე. წ. "მთავარი წიგნის" საშუალებით, რომელიც არ არის ელექტრონული.
"მთავარი წიგნის" წარმოება ხასიათდება არსებითი ხარვეზებით – მონაცემების გარკვევა უმეტეს შემთხვევაში შეუძლებელია, ანგარიშები არ მოიცავს საწყისი და საბოლოო ნაშთების შესახებ მონაცემებს.
ასევე აუდიტის დასკვნაში ყურადღება გამახვილებულია, რომ წიგნს აწარმოებენ ერთდროულად, როგორც ბურთულიანი ავტოკალამით, ისე ფანქრით, ამიტომ ზოგიერთი მონაცემი წაშლილია, ხოლო ზოგიერთი, საერთოდ არ იკითხება. შესაბამისად, ფინანსური ანგარიშგებისას არ არის გამოყენებული მონაცემები "მთავარი წიგნიდან".
გარკვეულ წილად დარღვეულია ცალკეული სტრუქტურული ერთეულის კოორდინირებული მუშაობაა, რის გამოც საფინანსო სამსახურს დაგვიანებით ან საერთოდ არ მიეწოდება ინფორმაცია იმ ოპერაციების შესახებ, რომლებიც ბუღალტრულ ჩანაწერებში უნდა აისახოს.
მუნიციპალიტეტის გამგეობის სამსახურების უფროსებთან ერთად მივიღეთ გადაწყვეტილება მკაცრად გაფრთხილდეს საფინანსო სამსახურის ბუღალტრული აღრიცხვა – ანგარიშგების განყოფილების მუშაკები, სასწრაფოდ აღმოფხვრან აღრიცხვა-ანგარიშგებაში ასახული დარღვევა-ნაკლოვანებები და მომავალშიც გააქტიურონ შესაბამისი ღონისძიებანი.
უახლოეს ხანში მუნიციპალიტეტის მიერ შეძენილი იქნება სპეციალური ელექტრონული პროგრამა, რომელიც გამორიცხავს ნაკლოვანებებს ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგებაში, უზრუნველყოფილი იქნება გამგეობის სამსახურების კოორდინირებული მუშაობა, რაც გარკვეულწილად გახდა მიზეზი იმისა, რომ საფინანსო სამსახურს დაგვიანებით ან საერთოდ არ მიეწოდებოდა ინფორმაცია ოპერაციების შესახებ, რამაც გავლენა იქონია აღრიცხვა – ანგარიშგებაზე, _ აღნიშნა "გურია ნიუსთან" საუბრისას კუჭავამ.