საქართველოს სამუფთოსთან არსებული თეოლოგიური სასწავლებლისთვის სახელმწიფო, ბათუმის გარეუბანში, ორ საცხოვრებელ სახლს შეიძენს.
დაპირება ამის შესახებ მუსლიმი თემის წარმომადგენლებს უკვე მისცეს.
სამუფთოს წარმომადგენლების თქმით, საუბარია ბათუმის სამხრეთით ადლიის უბანში არსებულ ორ სახლზე, რომელთა შესახებ მონაცემებიც უკვე მიაწოდეს სამთავრობო უწყებების შესაბამის წარმომადგენლებს.
"სასწავლებლებში მოხდება მუფთების გადამზადება. სულ საქართველოში დაახლოებით 300 მუფთია და ბუნებრივია, რომ პროგრამა ერთდროულად ყველას გადამზადებას ვერ შეძლებს. პროცესი ეტაპობრივი იქნება", _ განუცხადა "გურია ნიუსს" სრულიად საქართველოს მუფთის მოადგილე რეზო მიქელაძემ.
მუფთი სასულიერო წოდებაა და ქართულად წინამძღვარს შეესაბამება. ყველა ლოკალურ მუსლიმ თემს, საკუთარი მუფთი ჰყავს, რომელიც საბოლოოდ სრულიად საქართველოს მუფთს ემორჩილება.
რა დაუჯდება ბიუჯეტს აღნიშნული შენობების შეძენა, ჯერჯერობით უცნობია. თუმცა, ეს იქნება პირველი საბიუჯეტო ხარჯი აჭარაში, რომელსაც მუსლიმი თემის დაფინანსებისთვის გაწევენ.