დღეს ქალაქ ოზურგეთში, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, კულტურის სამინისტროს მხარდაჭერითა და ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ეგიდით, სალოტბარო სკოლა გაიხსნა.
ამ მიზნით ოზურგეთს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი, გიორგი დონაძე და ანსამბლ "ერისიონის" ხელმძღვანელი, ჯემალ ჭკუასელი სტუმრობდნენ.
სტუმრებმა ქალაქის მერ ბეგი სიორიძესთან ერთად ოზურგეთის ისტორიული მუზეუმის ის ნაწილი მოინახულეს, სადაც სალოტბარო სკოლა იქნება განთავსებული. აღნიშნული ფართი სკოლას ქალაქის მერიამ უსასყიდლოდ გადასცა.
ამავე დღეს გაიმართა სალოტბარო სკოლის ოფიციალური პრეზენტაციაც. ღონისძიებას ჩამოსული სტუმრები, ადგილობრივი ხელისუფლება, ხელოვნების მოღვაწეები და ფოლკლორის გულშემატკივრები ესწრებოდნენ.
ფოლკლორის ცენტრს ოზურგეთში ავთანდილ სურგულაძე უხელმძღვანელებს.
"მინდა გითხრათ, რომ ოზურგეთში განთავსდება დასავლეთ საქართველოს ფოლკლორის ცენტრი, სადაც გაიმართება კონფერენციები. ეს იქნება მეტად დატვირთული ცენტრი და ამაში ყველანი დარწმუნდებით. აუცილებლად უნდა მოხდეს ფოლკლორის პოპულარიზაცია და ამისთვის ერთად უნდა გავერთიანდეთ ყველანი", – გვითხრა ავთანდილ სურგულაძემ.
"მეამყება, რომ მე ვარ ქალაქის მერი, მაშინ როცა ოზურგეთი ფოლკლორის ქალაქად გამოცხადდა. ეს ტიტული ოზურგეთმა მისი ტრადიციების გათვალისწინებით მართლაც დაიმსახურა. ვთვლი, რომ თითოეული ჩვენგანი გვერდით უნდა დაუდგეს ამ ღირსეულ საქმეს", – თქვა ბეგი სიორიძემ სიტყვით გამოსვლის დროს.