2015 წლიდან ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურში, გარკვეული ცვლილებების შედეგად, მუნიციპალიტეტის საფინანსო სამსახურები საბიუჯეტო თანხების მოძრაობის ახალ სისტემაზე გადავიდნენ, მაგრამ რეალურად მონაცემთა ბაზის არასრულფსოვნების გამო, ფინანსური ოპერაციები მთელი ქვეყნის მასშტაბით ჯერ არ განხორციელებულა.
ამ ფაქტმა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში ფინანსური ოპერაციების გაყინვა გამოიწვია და შედეგად უამრავი პრობლემა გაჩნდა.
ჩვენი ინფორმაციით, ფაქტობრივად, ყველა სამსახური პარალიზებულია და ფინანსური ოპერაციები ვერ ხორციელდება. უყურადღებობისა თუ არაპროფესიონალიზმის გამო, პრობლემები როგორც საგადასახადო ვალდებულებების შესრულების, ასევე კომუნალური გადასახადების გადახდის კუთხით ბევრ ორგანიზაციას შეექმნა. მათ რიცხვში, სამწუხაროდ, მოხვდა ა(ა)ი პ „სკოლამდელი სააღმზრდელო ცენტრი“, რომელსაც მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესი წესით 20 იანვრიდან უნდა განეახლებინა.
თუ როდის განახლდება ბაღებში სასწავლო წელი, ამასთან დაკავშირებით, ამ ეტაპზე, კონკრეტული პასუხი არც „სკოლამდელი სააღმზრდელო ცენტრის“ ხელმძღვანელს, დავით დობორჯგინიძეს გააჩნია.
მისი თქმით, სწორედ 20 იანვარს ეცოდინება დაზუსტებით, როდის შეეძლებათ მშობლებს საბავშვო ბაღებში თავიანთი პატარების მიყვანა. დობორჯგინიძემ ჩვენთან საუბარში, ბაღებში მუშაობის შეფერხების მიზეზად სახაზინო სამსახურთან დაკავშირებული ცვლილებები დაასახელა.