"თავისუფალი დემოკრატების" ლიდერმა, ირაკლი ალასანიამ, ოზურგეთში სტუმრობისას მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებზე ისაუბრა.
როგორც მან "გურია ნიუსთან" აღნიშნა, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მომხრე არ არის და მიაჩნია, რომ მომავალი არჩევნები საქართველოში იქნება ღირებულებების ირგვლივ გაერთიანებული.
"მგონია, რომ ქვეყნისთვის უმჯობესია საარჩევნო ეტაპი ჩატარდეს კონსტიტუციის და ვადების შესაბამისად, "თავისუფალი დემოკრატები" ყოველთვის ამის მომხრე ვიყავით, მაგრამ ბუნებრივია ბევრი რამ არის დამოკიდებული იმაზე, თუ რამდენად გაღრმავდება ის ეკონომიური სიდუხჭირე და კრიზისი, რომელიც ქვეყანაში აშკარად დადგა.
დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენ, "თავისუფალი დემოკრატები", პარლამენტშიც და ზოგადად ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაშიც, ძალიან დიდ, დადებით მუხტს შევიტანთ იმისთვის, რომ სამომავლოდ საქართველოში საპარლამენტო არჩევნები შედგეს ძალიან კონკურენტული.
ჩემი აზრით, მომავალი არჩევნები იქნება ბევრად განსხვავებული, ვიდრე მანამ იყო, იმიტომ, რომ აქამდე არჩევნები ტარდებოდა ძირითადად ერთი პირის წინააღმდეგ, ან ერთი პოლიტიკური ძალის წინააღმდეგ, დარწმუნებული ვარ, რომ ეს არჩევნები იქნება ღირებულებების ირგვლივ გაერთიანებული", _ აღნიშნა ალასანიამ.