საფრანგეთში მომხდარი ტერორისტული აქტების შემდეგ, ქვეყნის უსაფრთხოების სამსახური ადგილობრივ სამართალდამცავებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს.
როგორც "გურია ნიუსის" კორესპონდენტი ჟენევიდან იტყობინება, უსაფრთხოების სამსახურმა სამართალდამცავებს გაფრთხილება მისცა იმის შესახებ, რომ არსებობს საშიშროება, ტერორისტებმა პოლიციელებსა და მათ ოჯახებზე იერიში მიიტანონ.
ჩვენი კორესპონდენტის ცნობით, ადგილობრივი სამართალდამცავების ოჯახები, ამ გაფრთხილების შემდეგ, გარე სამყაროსგან მეტ-ნაკლებად იზოლირებულები არიან.
შეგახსენებთ, რომ დაახლოებით, ერთი კვირის წინ, პარიზში, შეიარაღებული თავდასხმის შედეგად ჟურნალ "შარლი ებდოს" 10 თანამშრომელი და პოლიციის 2 ოფიცერი დაიღუპა, 10-ზე მეტი კი დაშავდა.
თავდასხმამდე ერთი საათით ადრე, ჟურნალმა "ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერის აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის კარიკატურა გამოაქვეყნა.საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა სატირული ჟურნალის "შარლი ებდოს" რედაქციაზე თავდასხმას ტერაქტი უწოდა. ქვეყნის ხუთ ქალაქში ჩატარებული რეიდების შედეგად კი, "შარლი ებდოს" ტერაქტთან დაკავშირებული 12 პირი დააკავეს.
11 იანვარს კი პარიზში, ტერორიზმის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი მარში გაიმართა, რომელსაც მსოფლიოს თითქმის ყველა ლიდერი ესწრებოდა. მათ შორის იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრიც.