14 წლის ხახუტა ცენტერაძე, სოფელ ნატანებში ცხოვრობს. მას ფილმი "მანდარინები" ნანახი აქვს და ახლა 22 თებერვალს ელოდება. სწორედ ამ დღეს გახდება ცნობილი გადაეცემა თუ არა ოსკარი უცხოენოვანი ფილმის კატეგორიაში "მანდარინებს".
ფილმი "მანდარინები" სოფელ ნატანებში, საკუპრეში გადაიღეს.
"ფილმი "მანდარინები" სოფელ ნატანებშია გადაღებული და ასე მგონია, რომ ამით ჩვენი სოფელი უფრო პოპულარული გახდება, როცა გაიგებენ, სადაა გადაღებული და ყველა გაიცნობს, ალბათ ბევრი ჩამოვა შემდეგ ამ სოფლის სანახავად, ამ უბნის და ადგილის გასაცნობად, სადაც ეს ფილმი გადაიღეს. მე თუ მკითხავთ ძალიან კარგი ფილმია. ფილმში ჩვენი სკოლა ჩანს… ასევე, კანტორის ეზო არის გადაღებული". _ გვითხრა ხახუტა ცენტერაძე.
სოფელ ნატანებში მცხოვრებლებმა "მანდარინების" წარმატების შესახებ დეტალურად ეცნობიან ინფორმაციას.
გენო ნადირიძე, სოფელ ნატანებში მცხოვრები: "მანდარინებმა" წარმატება მოიპოვა და ეს სასიხარულოა ნამდვილად. ამ სოფელს, ამ უბანს საქართველოში ბევრი არ იცნობდა, "მანდარინების" შემდეგ გაიცნეს, აი აქ, ამ უბანში ხდებოდა ეს ყველაფერი, აქვეა მანდარინების ბაღი, ჩვენი სოფლის ერთ-ერთი შემოსავლის წყარო. ეს სოფელი სახელგანთქმუქლი გახდა."
მზია აკობაძე, სოფელ ნატანებში მცხოვრები: "ძალიან კარგია, ეს ჩვენი სოფლის სახელიცაა, ჩვენთვისაც კარგია, ახალგაზრდობისთვისაც კარგია, თუ კი რამე სოფელში კარგი გაკეთდება, მაგას რა ჯობია, ყველა გახარებული ვიქნებით."