საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ ნათია წკეპლაძის კანდიდატურის განხილვას თავად წკეპლაძე არ ადასტურებს.
ამის შესახებ "გურია ნიუსს“ უზენაესი სასამართლოს პრესსამსახურში განუცხადეს.
"გურია ნიუსი“ ეცადა თავად ნათია წკეპლაძესაც დაკავშირებოდა, თუმცა ის თავს შეუძლოდ გრძნობს.
ცნობისთვის, ნათია წკეპლაძე უზენაეს სასამართლოში 2005 წლიდან მუშაობს.
გაზეთ "პრაიმ ტაიმის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მის კანდიდატურას უმრავლესობის წევრები კუბლაშვილის შემცვლელად აქტიურად განიხილავენ, თუმცა ოფიციალური კომენტარი ჯერჯერობით არ გაკეთებულა.
ამ საკითხთან დაკავშირებით აქტიურ კონსულტაციებს განაგრძობს საქართველოს პრეზიდენტიც, რომელმაც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურა პარლამენტს უნდა წარუდგინოს.
მიმდინარე კვირაში გიორგი მარგველაშვილი მმართველი კოალიციის წარმომადგენლებს შეხვდება. კოალიცია "ქართულ ოცნებასა" და პრეზიდენტს შორის შეხვედრის კონკრეტული თარიღი უცნობია.
თარიღის დანიშვნას მმართველი კოალიციის წარმომადგენლები ამ დრომდე ელოდებიან, მანამდე კი ისინი არ აპირებენ, რომ დაასახელონ სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურა, განცხადება დღეს ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა, ანი მიროტაძემ გააკეთა.
"მმართველი კოალიცია ემზადება დიდი პოლიტიკური დანიშვნისთვის", _ ასე ეხმაურებიან "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურის ირგვლივ მიმდინარე კონსულტაციებსა და პროცესებს.
"თავისუფალი დემოკრატები" კი ფიქრობენ, რომ საქართველოში აპოლიტიკური ფიგურის პოვნა შეუძლებელია.
ცნობისთვის, კონსტანტინე კუპლაშვილს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე ვადა 23 თებერვალს ეწურება.