ქალაქ ოზურგეთში ცენტრალურ ქუჩებში მომუშავე მოლარე ოპერატორებმა, ე.წ. "სტაიანშიკებმა", "გურია ნიუსს" კიდევ ერთხელ მიმართეს დახმარებისთვის.
ისინი ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს ხელმძღვანელს, მურთაზ ფოცხიშვილს მიმართავენ.
აღნიშნულთან დაკავშირებით "გურია ნიუსი" არაერთხელ წერდა, თუმცა როგორც "სტაიანშიკები" აცხადებენ, მდგომარეობა უცვლელია.
განცხადებაში მოლარე ოპერატორები ხელფასის მიუღებლობაზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ მათ მიერ აღებული ყოველდღიური თანხები უმისამართოდ მიდის, ამიტომ მათივე თქმით თუ ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს ხელმძღვანელი მურთაზ ფოცხიშვილი მათ პასუხს არ გასცემს, ისინი იძულებულნი ხდებიან პროკურატურას მიმართონ.
"ბატონო მურთაზ! იძულებულები ვართ მოგმართოთ:
"გარკვეული წლები ვმუშაობდით და ახლაც ვმუშაობთ ქალაქ ოზურგეთის ცენტრალურ ადგილებში (ქუჩებში) მანქანების სადგომებზე, ე.წ. " სტაიანშიკებად", მოლარე ოპერატორებად. რამდენიმე წლის წინ აქ მუშაობდა და ამ საქმეს ხელმძღვანელობდა კაცური კაცი, დავით კვაჭანტირაძე, რომლის გარდაცვალების შემდეგ მოიყვანეს სხვა პიროვნება მიშა ქიქოძე. დღეს ეს ეს პიროვნება თავს ვერ ართმევს მასზე დაკისრებულ მოვალეობას. ქალაქში მოუწესრიგებელი და დაუხაზავია მანქანის გასაჩერებელი ადგილები, არ არის ტრაფარეტები, არ დაურიგებიათ ჩვენთვის ფორმები და რაც მთავარია ერთი წელია არ მიგვიღია ხელფასი. მაშინ როცა ბატონ დავითის დროს ყველა თვეში ვიღებდით ხელფასს უწყვეტად. არ გვინახია ხელფასის უწყისი თვალად, ჩვენ ხომ დარშიც და ავდარშიც ღია ცის ქვეშ მდგომმა ოპერატორებმა არ ვიცით სად მიდის ყოველდღიურად აკრეფილი 50 ხან 60 ლარი? სად მიაქვთ ეს თანხები, როგორც ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, ეს თანხები ბიუჯეტს არ ჩაბარებულა. გამომდინარე აქედან, ჯერ ვწერთ ამ განცხადებას და მოგმართავთ, თქვენ ბატონო მურთაზ, როგორც ბატონ ზვიად კვაჭანტირაძის ნდობით აღჭურვილ პირს, დეპუტატის ბიუროს ხელმძღვანელს, გაგვცეთ პასუხი ამასთან დაკავშირებით. ძალიან გთხოვთ მოგვაქციოთ ყურადღება, სანამ გვიანი არ იქნება, გვეყო ამდენი დამცირება.
იმედი გვაქვს, რომ გამოგვეხმაურებით და პასუხს გაგვცემთ, წინააღმდეგ შემთხვევაში მივმართავთ პროკურატურას!
წარმოგიდგენთ ოპერატორების პირად ხელმოწერებს, თითოეული ხელმომწერი ველით პასუხს", _ აღნიშნულია " გურია ნიუსისთვის" მიწოდებულ განცხადებაში.
განცხადებას ხელს 20 მოლარე ოპერატორი აწერს.
"გურია ნიუსი" დაუკავშირდა ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს ხელმძღვანელს მურთაზ აბაშიძეს, რომელმაც განგვიცხადა, რომ კომენტარი ბიუროს პრესსამსახურმა ნინო კუკულაძემ უნდა გააკეთოს.
ნინო კუკულაძე კი "გურია ნიუსთან" ამბობს, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით არანაირ ინფორმაციას არ ფლობს.
"ჯერ ჩვენთვის არავის არ მოუმართავს ოფიციალურად, თუ მოვლენ, რა თქმა უნდა გავცემთ პასუხს, ისე თქვენგან მესმის პირველად "სტაიანშიკები" რას ითხოვენ", _ გვითხრა კუკულაძემ.