საქართველოს მთავარი პროკურატურა ღრმა მწუხარებას გამოთქვამს იური ვაზაგაშვილის გარდაცვალების გამო და თანაგრძნობას უცხადებს გარდაცვლილის ოჯახსა და ახლობლებს.
"როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, საქართველოს მთავარი პროკურატურა იური ვაზაგაშვილის გარდაცვალების საქმეზე გამოძიებას აწარმოებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით, რაც გულისხმობს განზრახ მკვლელობას ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვათა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.
გამოძიების დაწყებისთანავე სწრაფი და ეფექტური გამოძიების უზრუნველსაყოფად შეიქმნა საგამოძიებო ჯგუფი, მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილისა და შიდა ქართლის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის გამომძიებლების მონაწილეობით.
საგამოძიებო ჯგუფი ი.ვაზაგაშვილის გარდაცვალების მომენტიდან უწყვეტ რეჟიმში ატარებს ყველა აუცილებელ საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებებს მომხდარი შემთხვევის ფაქტობრივი გარემოებების დასადგენად.
გამოძიების ამ ეტაპზე დათვალიერებულია შემთხვევის ადგილი, გარდაცვლილი ი. ვაზაგაშვილის გვამი, შემთხვევის ადგილიდან და გვამიდან აღებულია შესაბამისი ნიმუშები, დათვალიერებულია გარდაცვლილის კუთვნილი ავტომანქანა, დანიშნულია სხვადასხვა სახის აუცილებელი ექსპერტიზები ი.ვაზაგაშვილის გარდაცვალების მიზეზის, ასაფეთქებელი მოწყობილობის სახეობის, მოდელის და მდებარეობის, ასევე საქმის სხვა ფაქტობრივი გარემოებების დასადგენად.
ამ ეტაპისთის საქმეზე მოწმის სახით დაკითხულია 30-მდე პირი. მიუხედავად მაღალი ინტერესისა, საზოგადოებას ვთხოვთ, გაგებით მოეკიდონ იმ ფაქტს, რომ გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ამ ეტაპზე ვერ ვისაუბრებთ მომხდარის შესაძლო საგამოძიებო ვერსიებსა და საქმის გარკვეულ დეტალებზე, ვინაიდან ამან შეიძლება დააზიანოს გამოძიების ინტერესები. ამ ეტაპზე შეგვიძლია მაღალი ალბათობით ვთქვათ, რომ ი.ვაზაგაშვილის გარდაცვალების მიზეზი უნდა გამხდარიყო ასაფეთქებელი მოწყობილობის აფეთქების შედეგად მიყენებული დაზიანებები, თუმცა გადაჭრით აღნიშნულზე, ასევე სხვა დეტალებზე საუბარი შესაძლებელი იქნება მხოლოდ ყველა ექსპერტიზის დასრულების შემდგომ, რომლის შედეგებსაც პროკურატურა დასრულებისთანავე გააცნობს საზოგადოებას.
საქმეზე ამ ეტაპზე ინტენსიურად გრძელდება გამოძიება."