სოციალურ ქსელში ლევან ღვინჯილია ინფორმაციას ავრცელებს, რომლის თანახმად, ის და თავისი ოჯახი საცხოვრებელი ფართის გარეშე დარჩნენ.
"გურია ნიუსი" უცვლელად გთავაზობთ ლევან ღვინჯილიას განცხადებას.
"ამ ბინაში გავატარეთ მე და ჩემმა ოჯახმა ბოლო 19 წელი. წუხანდელი ღამეც აქ გავათენეთ, მაგრამ ამჯერად უკვე – სხვის ბინაში. დიახ! გუშინდლიდან შევჩენკოს 12-ში მდებარე ეს ხუთოთახიანი ბინა ჩვენი აღარაა: იგი ჩემი ოჯახის საბანკო და სხვა ვალების ერთმა ნაწილმა მშვიდად და უხმაუროდ შეიწირა.
აი, ასე "წვერდამშვენებული" ვაცილებ ჩემს 65-ე ზამთარს და 165.000 $-%-იანი ვალით ვეგებები 66-ეს!- მინდა ვისარგებლო შემთხვევით და "უღრმესი მადლობა" მოვახსენო, ჩემდამი გამოჩენილი "გულისხმიერებისათვის", "პროკრედიტბანკსა და "ქართუს" ყოფილ პრეზიდენტს, ბატონ ნოდარ ჯავახიშვილს, ვისი "პრინციპულობის" წყალობით იძულებული გავხდი სხვა ბანკიდან ამეღო კბალური (წლიურ 36%-იანი) სესხი და… ცხადია დეტალებს აქ აღარ ჩავუღრმავდები.- იმედია, აწი მაინც არ მკითხავთ, რით ვარსებობდით ბოლო 11 წლის განმავლობაში, როცა ოჯახის არც ერთი წევრი არ იყო დასაქმებული…. "კარგად მესმის, რომ სამშობლოზე გაბრაზება ყოვლად დაუშვებელია, მაგრამ არც იმის შეგრძნებაა ადვილად ასატანი, რომ შენს ქვეყანას არაფერში არ სჭირდები. "ხელისუფლებაზე ხომ ლაპარაკიც კი არ ღირს : "მე ვიყო კარგად და შენ, თუ გინდა, კისერი გიტეხია" – აი, მისი პრინციპი. " ნუგეშად კი ჯერჯერობით მხოლოდ ის მრჩება, რომ, ახალი მეპატრონის კეთილი ნებით, შეგვიძლია აქ დავრჩეთ გაზაფხულამდე. მერე? მერე რა იქნება? – ეს ჯერ არ ვიცით!!! "საქართველოო, ლამაზო! სხვა საქართველო სად არი?".