ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში ქუჩების რეაბილიტაცია, რომელსაც ფირმა "სამკუთხედი" აწარმოებს, აქტიურად მიმდინარეობს. ამ ეტაპზე მოასფალტებითი სამუშაოები მიმდინარეობს გურამიშვილის ქუჩაზე, ხოლო კუპრეიშვილის ქუჩაზე დაწყებულია სანიაღვრე არხების მოწყობა. რაც შეეხება თბილისის ქუჩას, აქ ჯერჯერობით, მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს.
ფირმა "სამკუთხედის" წარმომადგენლის, გელა ფირცხალაიშვილის ინფორმაციით, ამ ეტაპზე სამუშაოები დასრულებულია კოსტავას ქუჩაზე. მიმდინარე თვის ბოლოსთვის კი დასრულდება გურამიშვილისა და ცინცაძის ქუჩების მოასფალტება. ბატონი გელას თქმით, სამუშაოების მიმდინარეობას გარკვეულწილად ხელი შეუშალა უამინდობამ.
თავის დროზე მუნიციპალიტეტის ქუჩების რეაბილიტაციას ტენდერში გამარჯვებული ფირმა ფირმა "ჯიაიდი" აწარმოებდა და სამუშაოების საერთო ღირებულება მილიონ ლარზე მეტი იყო, თუმცა მან დაწყებული საქმე ბოლომდე ვერ მიიყვანა და 789 100 ლარის სამუშაოები შეუსრულებელი დატოვა. საბოლოოდ, ხელშეკრულება გაფორმდა ფირმა "სამკუთხედთან", რომელსაც 788 ათას ლარამდე ღირებულების სამუშაოების ჩატარება მოუწევს.