ბრაზილიის სამხრეთი შტატის რიო გრანდე დე სულის სანაპიროს წყლებში, მეექვსე თვეა მეჩეჩზე მყოფი გემის ეკიპაჟის წევრები, რომელთა შორის ქართველებიც არიან, შველას ითხოვენ.
მათი მდგომარეობა ამ დროისთვის კრიტიკულ ზღვარს მიუახლოვდა და გემზე წყლისა და საკვების მცირე მარაგი დარჩა.
ინფორმაციას ამის შესახებ ბრაზილიური ინტერნეტპორტალები ავრცელებენ, რომლებიც იტყობინებიან, რომ ლიბერიის დროშის ქვეშ მცურავი გემი პორტ რიო გრანდედან 12 კილომეტრში მეჩეჩზე შეჯდა და მისი ეკიპაჟის ნაწილი ამ დრომდე საზღვაო ხომალდზე იმყოფება. მესაკუთრეები კი საჭირო ზომების მიღებას აჭიანურებენ. გემზე არსებულ 11 ადამიანთა შორის საქართველოს მოქალაქეებიც არიან. თუმცა, მათი ვინაობა ამ დროისათვის უცნობია.
გასული წლის დეკემბრის თვეში გემის ეკიპაჟის ნაწილმა კუთვნილი ანაზღაურების გარეშე დატოვა გემი. გემის დატოვების შეთავაზება მიიღო დარჩენილმა მეზღვაურებმაც, მაგრამ ისინი ამ დრომდე რჩებიან დაზიანებულ საზღვაო ხომალდზე.
ბრაზილიელმა სამართალდამცველებმა ამ საქმესთან დაკავშირებით უკვე დაიწყეს ძიება და გემთმფლობელი 500 ათასი დოლარით დააჯარიმეს. გარდა ამისა, ძიება მიმდინარეობს ცხრა კომპანიის მიმართ, რომლებიც მომხდართან არიან დაკავშირებული.
შეტყობინება ბრაზილიის სანაპიროებთან მყოფი ქართველი მეზღვაურების შესახებ ამ ეტაპისთვის არ მიუღიათ საქართველოს შესაბამის უწყებებს. "გურია ნიუსთან" სატელეფონო საუბრის დროს საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის დირექტორმა მამუკა ახალაძემ განაცხადა, რომ მათ ჰქონდა ინფორმაცია ბრაზილიაში მომხდარ სხვა შემთხვევასთან დაკავშირებით, თუმცა, ეს კონკრეტული ფაქტი მათთვის უცნობია და დღესვე შეეცდებიან დეტალების გარკვევას.
ბრაზილიაში მყოფ ქართველ მეზღვაურების შესახებ ინფორმაციას ამ ეტაპზე არ ფლობს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროც.
გამოყენებულია www.g1.globo.com-ის ინფორმაცია