ლანჩხუთის „გურიას“ სტადიონზე შესასვლელი აბონემენტების დაბეჭვდა კვლავაც აქტუალურ თემას წარმოადგენს. ამ საკითხის ირგვლივ უამრავი პასუხგაუცემელი კითხვა არსებობს და მასზე მსჯელობა საკრებულოს ბოლო სხდომაზეც გაიმართა.
"მე მოხარული ვარ რომ აბონემენტები დაიბეჭდა, ეს ჩემი სურვილიც იყო და თავად ორი ცალიც შევიძინე, თუმცა ვთვლი რომ სამსახურებში ადამიანებს არ უნდა ვაიძულებდეთ მათ შეძენას, მითუმეტეს ქალბატონებს. აშკარად ამის გაპროტესტებას ვერავინ ბედავს სამსახურის დაკარგვის შიშით. აქვე საგულისხმოა, რომ აბონემენტზე არ არის მითითებული ტირაჟი, გაურკვეველია ვინ დაბეჭდა. მგონი, ეს დანაშაულის ტოლფასია და კორუფციის ნიშნებს შეიცავს. თანაც სტადიონზე შესასვლელი ბილეთის ღირებულება ერთი ლარია, მაშინ, როცა აბონემენტში 20 ან 30 ლარის გადახდა გვიწევს. გამოდის რომ, თითო თამაშზე აბონემენტის მიხედვით 2,5 ან 3, 5 ლარს ვიხდით. არადა, წესით შეღავათით სწორედ აბონემენტის მფლობელი უნდა სარგებლობდეს", _ აცხადებს ოპოზიციონერი დეპუტატი გია გოგუაძე.
ლანჩხუთის გამგებელ ზაზა ურუშაძის თქმით კი, ისინი ამონემენტების შეძენას არავის აიძულებენ.
"ვისაც არ უნდა უკან დააბრუნოს, პრობლემა არაა. რაც შეეხება დაბეჭდვის მიზანშეწონილობას, ამასთან დაკავშირებით ჩვენ შესაბამის ორგანოებში კონსულტაცია გავიარეთ და არანაირი კანონთან შეუსაბამობა არ არსებობს და თუ ტირაჟი გაინტერესებთ, წერილობით მოგვმართეთ და გაიგებთ".